კლუბ ,,ბასიანის” დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ორაშვილი წერს, რომ ის აკრძალვები რასაც სახელმწიფო საკლუბო თუ საფესტივალო მიმართულებით ახორციელებს უკვე გაუსაძლისია.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის თუ ტრაგიკული მოვლენების გამო მუდმივად ვიკავებდი იმ სატკივარზე საუბრისგან თავს, რომელიც ჩვენს სფეროს და მის წარმომადგენლებს შეეხოთ, თუმცა უკვე გაუსაძლისია ის სადამსჯელო და რეპრესიული მიდგომები, რასაც სახელმწიფო საკლუბო თუ საფესტივალო კულტურის მიმართულებით ახორციელებს.
პირველ რიგში ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ეკონომიკური საქმიანობის არამართლზომიერი შეზღუდვა, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა და ჩვენს გარშემო არსებული უთანასწორო გარემო.
12 მარტს, COVID19 გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკლუბო სცენამ საკუთარი ინიციატივით ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლიან ქმედებებს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 300-ზე მეტი არტისტი და 5000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, 100-მდე შეკრების ადგილი კი მეიჯარეებთან შექმნილი პრობლემების გამო გაუჩინარების წინაშე დგას.
ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპზე, ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ გარე სივრცეებში მაინც შევძლებდით შეკრებას და ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას. იმ პირობებში, როდესაც არცერთი ფინანსური ინსტიტუცია არ დაგვიდგა გვერდით, ისევ ჩვენი ძალებით მოვიძიეთ დამატებითი ფინანსური რესურსები, რომ გადაგვერჩინა ის საყვარელი სფერო, რომელშიც უამრავი შრომა ჩავდეთ. თუმცა ბოლო წამს დაპირებული რეგულაციები შეიცვალა და მხოლოდ 200 ადამიანის მასპინძლობის უფლება დაგვრთეს. (უნდა აღინიშნოს, რომ გარე ღონისძიების ღირსეულად ჩატარებას ზუსტად ამ რაოდენობის დასაქმებული პერსონალი სჭირდება)
ამასთან ერთად ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ჩვენს გარშემო შერჩევითი სამართალი და საზოგადოებაზე ზრუნვის სახელით, როგორ გვეკისრება კოლოსალური ჯარიმები (10 000 + ლარი) იმ აბსურდული არგუმენტის საფუძველზე, თითქოს ჩვენ კულტურულ ღონისძიებებს არ მივეკუთვნებით. იმაზე მსჯელობა თუ ვისთვის გართობაა ეს სფერო და ვისთვის “მაღალი კულტურა” ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია ათასობით ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრების ადგილების არსებობა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ სფეროს ენთუზიასტებისთვის, უსაფრთხო სივრცეების გულშემატკივრებისთვის, ადამიანებზე ზრუნვა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა უცხო არ არის. ახლა მარტოდ ვართ დარჩენილები კრიზისითან, შესაბამისად ჩვენი მომავალიც ბუნდოვანია, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია ჩვენი მეგობრების მხარდაჭერაა, იმისთვის რომ გ ა დ ა ვ რ ჩ ე თ,”-წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.