2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა, მთელმა საქართველომ შეიყვარა. დახმარება ბევრმა სცადა. სამწუხაროდ, გადარჩენის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
პატარა ანიტა ინდოეთში მკურნალობისას გარდაიცვალა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დედამისმა მარიკო სადრაძემ გადაწყვიტა, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების ცოცხალი დონარი გახდეს.
ცნობილი ხდება, რომ ანიტას დედა შსს-ს გადაწყვეტილებით უწყებაში დასაქმდა.
ამის შესახებ მარიკომ სოციალურ ქსელში დაწერა და ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა.
„ამ თვეების განმავლობაში, ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ თითქოს, აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ, კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა, იგებ, რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები, შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე, ცდილობენ ცხოვრების ფერხულში ჩაბმაში ამოგიდგნენ გვერდში.
ამ ზრუნვის შედეგად აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში – გარემოში, სადაც, თითქოს, ყველაფერი უცხო უნდა ყოფილოყო, მაგრამ სათითაოდ ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ამ გულისხმიერებისთვის!
განსაკუთრებით კი, მინდა ნიო გიორგობიანის როლი გამოვყო. ადამიანის, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცრად სამართლიანი და საქმისთვის მებრძოლი პროფესიონალის შთაბეჭდილება დამიტოვა და რომლის სიკეთის დამსახურებაცაა, ახალ ოჯახში ჩემი შებიჯება.
იმედი მაქვს, შევძლებ და ამ გაუმჟღავნებელი ზრუნვის, გვერდში დგომისა და სიკეთის საპასუხო თანამშრომლობას დავუბრუნებ ოჯახს, რომელმაც ასე თბილად, მიმიღო“, – წერს მარიკო სადრაძე.