როგორ ემზადება საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები წლის დარჩენილი ტურნირებისთვის, რამდენი ლიცენზიაა ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე და რა შეზღუდვების ფონზე აგრძელებენ ისინი ვარჯიშს? საინტერესო კითხვებზე „ფორტუნას“ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი პასუხობს.
ბატონო გიორგი, პირველ რიგში მადლობა იმისათვის, რომ დრო დაგვითმეთ. ძალიან საინტერესოა განაახლეს თუ არა ქართველმა ძიუდოისტებმა სრულფასოვანი ვარჯიში და არის თუ არა რაიმე შეზღუდვები ვარჯიშის პროცესში პანდემიიდან გამომდინარე?
წესით ახლა ტოკიოდან უნდა გერთვებოდეთ (იცინის). საქართველოს ნაკრებმა დაახლოებით 3 კვირაა ვარჯიში განაახლა. თავიდან ძიუდოს აკადემიის ტერიტორიაზე ვვარჯიშობდით. რაც შეეხება შეკრებას, უკვე დაიწყეს შეკრებები როგორც ასაკობრივმა და ქალთა ნაკრებმა, ასევე ეროვნულმა ნაკრებმა. ეროვნული ნაკრები დაბა ჩაქვში იმყოფება, სადაც 12-დღიან შეკრებას გაივლის. ძიუდოისტები ძირითადად სარეაბილიტაციო-აღდგენით ვარჯიშებს შეასრულებენ, ამ შეკრების შემდეგ კი უკვე სხვაგან, სრულყოფილად შეიკრიბებიან. პანდემიის გამო ძიუდოისტების უმეტესობა სახლის პირობებში ვარჯიშობდა და ფორმიდან იყო ამოვარდნილი, რადგან როგორც მოგეხსენებათ პროფესიულ სპორტში მწვრთნელების ზედამხედველობით, შეკრებაზე ვარჯიში სხვა ტიპის დატვირთვებს და რეჟიმს მოიცავს. ძიუდოს ნაკრებებმა ვარჯიშები შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლეს.
მინდა გკითხოთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პოზიციასთან დაკავშირებით. იგეგმება თუ არა წლის ბოლომდე რაიმე მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარება ძიუდოში იმის გათვალისწინებით, რომ ეს კონტაქტური სპორტია? უნდა გამართულიყო თუ არა წელს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი?
წელს მაისში უნდა გამართულიყო ევროპის ჩემპიონატი, რომელიც თავიდან ივნისისთვის, შემდეგ კი ნოემბრისთვის გადაიდო. ამ დროისათვის ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატი 8-9-10 ნოემბერს ჩეხეთში უნდა ჩატარდეს, თუმცა ეს თარიღიც პირობითია, რადგან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ დროისათვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე, გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე და ა.შ. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატი დაგეგმილია ასაკობრივ ნაკრებებს შორისაც. პირველ სექტემბერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალ კალენდარს გამოაქვეყნებს და შესაბამისად, მერე უკვე გვეცოდინება რომელი და რა სახის ტურნირები ჩატარდება. ცნობილი გახდება ასევე ისიც, თუ რა ბედი ეწევა გაუქმებულ ტურნირებს. სხვათა შორის, შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვან ტურნირს საქართველომაც უმასპინძლოს, რადგან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ეძებს „მწვანე“ ქვეყნებს, სადაც შედარებით უკეთესი ეპიდვითარებაა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ საქართველო ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად შეირჩეს, აქ შესაძლოა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირიც კი ჩატარდეს. თუმცა იქამდე, ვიდრე ეს დეტალები დაზუსტდება, ჩვენ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის და ოლიმპიადისთვის ვემზადებით. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, იოშირო მორის თქმით ამ ეტაპზე განიხილება რამოდენიმე სცენარი, რომელთა თანახმადაც მაყურებელთა რაოდენობა შემცირდება შეჯიბრებებზე. თუკი ეპიდვითარება რთული იქნება, შესაძლოა ოლიმპიადა არ ჩატარდეს, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო იქამდე შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას, ქართველი ძიუდოისტები კი ოლიმპიადაზე გვასახელებენ.
ყველაზე აქტუალური კითხვა ოლიმპიური სპორტის სახეობებში მაინც ოლიმპიადის ლიცენზიებს ეხება, მით უმეტეს, რომ 2020 ოლიმპიური წელი უნდა ყოფილიყო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი ლიცენზია აქვს საქართველოს ნაკრებს მოპოვებული ამ ეტაპზე ტოკიოს ოლიმპიადისთვის, თუ არის შესაძლებელი უფრო მეტი ლიცენზიის მოპოვება დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებზე და ზოგადად როგორი შედეგის მოლოდინი არსებობს ყველაზე დიდ სპორტულ ტურნირზე?
საქართველოს ნაკრებში ტოპ-კლასის ძიუდოისტები ასპარეზობენ და აქედან გამომდინარე, მოლოდინი ყოველთვის მაქსიმალური გვაქვს. ვაჟთა შორის ამ დროისათვის ლიცენზიები უკვე შვიდივე წონით კატეგორიაში გვაქვს მოპოვებული და ამ მხრივ სანერვიულო არაფერია, ქალთა შორის კი ლიცენზიებისათვის ორი ძიუდოისტი იბრძოლებს. ერთ-ერთი მათგანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი იქნება, მეორე კი ნატურალიზებული სპორტსმენი ტეტიანა ლევიცკა, რომელიც ძალიან ახლოს არის სალიცენზიო ქულებთან. ის, თუ რომელ ტურნირებზე გათამაშდება სალიცენზიო ქულები, საერთაშორისო ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს. მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდება, უკვე ზუსტად გვეცოდინება რისთვის მოვემზადოთ. ოლიმპიადაზე კი მიზანი ნათელია, ჩვენ მხოლოდ უმაღლესი სინჯის მედლების მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.