ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ ეგვიპტის პირამიდები არაამქვეყნიურმა არსებებმა ააშენეს, რაშიც ეგვიპტელები არ ეთანხმებიან და მილიარდელს ადგილზე ჩასვლას და საკუთარი თვალით შეფასებას სთავაზობენ.
ეგვიპტელებმა „ტესლას“ დამაარსებელი ქვეყანაში დაპატიჟეს, რათა ის დაარწმუნონ რომ ცნობილი პირამიდები ნამდვილად მათი წინაპრემის მიერაა აგებული.
,,ბიბისის” ინფორმაციით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკმა მორიგი საკამათო ტვიტი გამოაქვეყნა. მილიარდელმა მხარი დაუჭირა პოპულარულ შეთქმულების თეორიას და თითქმის დარწმუნებით თქვა, რომ პირამიდები ნამდვილად სხვა პლანეტის წარმომადგენლებმა ააშენეს.
„პირამიდები ნამდვილად უცხოპლანეტელებმა ააშენეს“ – დაპოსტა მასკმა.
პოსტს ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი გამოეხმაურა, რანია ალ–მაშატმა მასკი ეგვიპტეში დაპატიჟა და ექსკურსიასაც დაპირდა. ქალბატონის აზრით, მილიარდელის სკეპტიციზმს მშენებლობის პირადად ნახვა გააქარვებს.
ტვიტს გამოეხმაურა ეგვიპტელი არქეოლოგი ზაჰი ჰავასიც, რომელსაც პირამიდები დეტალურად აქვს შესწავლილი და ზუსტად შეუძლია იმის თქმა, რომ გენიალური ნაგებობა ადამიანის ხელითაა შექმნილი.
ილონ მასკმა აჟიოტაჟის პასუხად ,,ბიბისის” ფილმის ლინკი დაპოსტა და თან დააყოლა, რომ ფილმში ზუსტადაა აღწერილი თუ რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება მიპატიჟებას, „ტესლას“ შემქმნელს ამაზე პასუხი არ გაუცია.
Aliens built the pyramids obv
— Elon Musk (@elonmusk) July 31, 2020