პოპულარული სოციალური ქსელი ,,ტიკ-ტოკი” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებს. პორტალში ვერ გაუგიათ, თუ რატომ სურს აშშ–ს მათი აკრძალვა.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, ,,ტიკ-ტოკი”სარჩელს კალიფორნიის შტატის სამხრეთ ოლქში შეიტანს და ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების აღსრულებას მოითხოვს. კომპანიის აზრით, კანონი მაშინ დაირღვა როდესაც ტრამპის გადაწყვეტილება უპირობო იყო და სოც–ქსელს პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მიეცა. გარდა ამისა, აკრძალვის კანონიერი საფუძველი სრულიად ბუნდოვანი დარჩა.
„ტრამპის გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა. არსად არ არის ფაქტობრივი დასკვნა, სადაც დასაბუთებული იქნებოდა რომ ჩინეთი არასწორად იქცევა“, – ნახსენებია სარჩელში.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ პასუხის გაცემა არ ისურვა და მხოლოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ამერიკელი ხალხი, ჩვენი ეკონომიკა და ნაციონალური უსაფრთხოება კიბერ საფრთხეებისგან დაიცვას“.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ,,ტიკ-ტოკი” სახელმწიფოსთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელად დაასახელა და მისი აშშ–ს ტერიტორიაზე აკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღო. განკარგულების აღსასრულებლად კომპანიას 45 დღიანი ვადა მიეცა.
აშშ–ში ,,ტიკ-ტოკის” 100 მილიონამდე მომხმარებელი ყავს და თუკი აკრძალვა ძალაში შევა, ვიდეო პორტალისთვის შედეგები ნამდვილად ფატალური იქნება.