LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში სი ძინპინი, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ხვდებიან

126
სინ ძინპინი და ვლადიმერ პუტინი

ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე მსოფლიოს სამი გავლენიანი ლიდერის, სი ძინპინის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის ემზადებიან. სამმხრივი მოლაპარაკებები ხუთშაბათს უნდა გაიმართოს და, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომს, ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს, საერთაშორისო ვაჭრობას, ხელოვნურ ინტელექტსა და ბირთვულ შეიარაღებას შეეხება. შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს, რადგან მის შედეგებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ წამყვანი სახელმწიფოების ურთიერთობებზე, არამედ გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგზეც.

სამიტის გახსნაზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავისუფალი ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს ღია სავაჭრო სისტემას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს მრეწველობასა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, შეამცირებს სავაჭრო ტარიფებს და უცხოური ბიზნესისთვის საკუთარ ბაზარს კიდევ უფრო გახსნის. ამ გზავნილით პეკინი ცდილობს, საერთაშორისო ასპარეზზე თავი წარმოაჩინოს სტაბილურ ეკონომიკურ პარტნიორად, განსაკუთრებით აშშ-სთან შედარებით, რომლის სავაჭრო პოლიტიკა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ტარიფების ზრდითა და უფრო მკაცრი საგარეო კურსით ხასიათდება.

ჩინეთის ლიდერის განცხადებები ვაშინგტონის მიერ პეკინისთვის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომის დამატებით შეზღუდვებს მოჰყვა. ახალი ზომები ისეთ მწარმოებლებსაც ეხება, როგორიცაა NVIDIA. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ზავის შენარჩუნება. პეკინმა უკვე განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

ამასთან, ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის საგანია. აშშ და ევროკავშირი პეკინს წარმოების სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ეს საერთაშორისო ბაზარზე არათანაბარ კონკურენციას ქმნის. მათი შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი ჩინეთის გავლენის ზრდაა გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში. პეკინი კი აცხადებს, რომ მისი ეკონომიკური მოდელი ქვეყნის განვითარების საჭიროებებს შეესაბამება და ჩინეთი სხვა სახელმწიფოებისთვისაც სასარგებლო ტექნოლოგიების განვითარებას განაგრძობს.

ანალიტიკოსების შეფასებით, სი ძინპინის გზავნილი შესაძლოა განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდეს ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის, რადგან ჩინეთი ცდილობს, საკუთარი ტექნოლოგიური და სავაჭრო სტრატეგია ვაშინგტონის პოლიტიკისგან განსხვავებულ მოდელად წარმოაჩინოს.

სამიტზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის სანქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ რუსეთის ეკონომიკის დასუსტების ნაცვლად, ქვეყანა უფრო გააძლიერეს. მისი თქმით, სანქციები, ტარიფები და ექსპორტის შეზღუდვები ვეღარ ახერხებს კონკურენტი ეკონომიკების განვითარების შეჩერებას. პუტინმა დასავლეთის ქვეყნები ყოფილ ჰეგემონებად მოიხსენია, ევროპას კი „დამამცირებელ დაღმასვლაში“ დასდო ბრალი.

პუტინის გამოსვლა უკრაინის მიერ ქერჩის ხიდზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ შედგა. ხიდი ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებს და მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო უთანხმოებების მოგვარება მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.

სამიტის ფარგლებში სი ძინპინმა და პუტინმა ორმხრივი შეხვედრაც გამართეს. მათ ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა დადებითად შეაფასეს და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის განვითარებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტრამპის ვიზიტი აზიაში. აშშ-ის პრეზიდენტი მანილაში ფილიპინების ხელმძღვანელობას შეხვდა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო. ეს ხდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინსა და მანილას შორის არსებული ტერიტორიული დავების ფონზე. ტრამპმა ასევე გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ჩინეთში შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა ეს საკითხი ჯერ დადასტურებული არ არის.

სამი ლიდერის შეხვედრას 1945 წლის იალტის კონფერენციასაც ადარებენ, როდესაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის საფუძვლები განსაზღვრეს და გავლენის სფეროები გადაანაწილეს. სწორედ ამიტომ, ევროპისა და აზიის შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებში შეხვედრა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. მათი შიშია, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა სამხედრო და ეკონომიკურმა ძალებმა შესაძლოა შეთანხმებებს მიაღწიონ ისე, რომ სხვა სახელმწიფოების ინტერესები სათანადოდ არ გაითვალისწინონ.

კრემლი იალტის კონფერენციასთან პარალელებს პოლიტოლოგების სპეკულაციად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ დაგეგმილ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. პეკინის შეფასებით კი, სამმხრივი მოლაპარაკებები მსოფლიო მშვიდობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი და პეკინი ურთიერთობების შედარებით სტაბილურობის შენარჩუნებას შეეცდებიან. ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზეც უნდა გაგრძელდეს.

შენჟენში დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი მნიშვნელობა სწორედ იმაშია, შეძლებენ თუ არა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები საერთო ინტერესების გამონახვას იმ საკითხებზე, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებას, ვაჭრობასა და ტექნოლოგიურ განვითარებას განსაზღვრავს.

წყარო: Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები