ეროვნული გამოცდები იწყება და, თუკი ვინმეს დააგვიანდება, რამდენიმე წუთიც კი, გამოცდიდან მოიხსნება. ეს ძველი წესია და აქამდეც ასე იყო, მაგრამ წლების განმავლობაში იმდენჯერ შეიქმნა პრობლემა, რომ ამ წესის გადახედვის მოლოდინი ყოველ წელს არის და წელსაც იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამაოდ.
უშუალოდ გამოცდის დაწყებამდე რეგისტრაციის გავლაა საჭირო. აბიტურიენტები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან და, როგორც წესი, არ აგვიანებენ. თუმცა, არსებობს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიც, როდესაც ვერ ახერხებენ დროულად მისვლას და ამის გამო, გამოცდიდან იხსნებიან. მიზეზი შესაძლოა, ძალიან ბევრი იყოს, დაწყებული მოულოდნელად ცუდად გახდომით, რაც საგამოცდო ნერვიულობის დროს მოულოდნელი ნამდვილად არ არის და სამედიცინო ცნობის აღება ვერ ესწრება და დამთავრებული, თუნდაც, სატრანსპორტო პრობლემების გამო.
„წელს აბიტურიენტი ვარ, შარშანაც ვიყავი, მაგრამ ერთ გამოცდაზე თარიღი ამერია. არა, კი არ ამერია, რომ ჩავხედე ფურცელს, ზუსტად მახსოვს, რომ 5 რიცხვი ეწერა და დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოცდა 5-ში მქონდა. დილით რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ გამოცდა წინა დღეს უნდა ჩამებარებინა,“ – ამბობს ლუკა კაპანაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას.
ცხადია, მას ამ გამოცდაზე გამოუცხადებლობა დაუფიქსირდა და წელს თავიდან აბარებს მიუხედავად იმისა, რომ შარშან სხვა საგნებში უმაღლესი ქულები მიიღო და არც ეს ქულები შეენახა, რადგან ქულების შენახვის პრინციპი აღარ მოქმედებს.
გამოცდაზე დაგვიანების თუ არგამოცხადების შემთხვევები არ არის კატასტროფულად ბევრი, მაგრამ პრობლემა მაინც არის და მისი რაღაც ფორმით გადაჭრა ვერ ხერხდება. ამის არგუმენტი კი ის არის, რომ რაღაც სტანდარტი უნდა არსებობდეს და ცალკეული შემთხვევების გამო, გადახვევა არ უნდა მოხდეს. ცხადია, ეს არგუმენტიც საფუძვლიანია, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე ვერ გვარდება.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისამდე გაგრძელდება. გამოცდები ტრადიციულად ქართული ენითა და ლიტერატურით დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე “ფორტუნასთან’’ საუბარისას აცხადებს, რომ პროცედურულად არაფერი იცვლება და საგამოცდო ეტაპი/პროცესი ადრინდელივით წარიმართება.
“ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება და აბიტურიენტებს ძალიან ცხელი დრო ეწყებათ. წელს პროცედურული ან ფორმალური სიახლეები არ იგეგმება, ანუ საგამოცდო პროცესი მთლიანად ისე წარიმართება, როგორც შარშან. რაც შეეხება შინაარსობრივ ცვლილებებს, ამის შესახებ აბიტურიენტებიც ინფორმირებულები არიან, თუმცა მაინც მოგახსენებთ კონკრეტულ მაგალითს: უცხო ენის ტესტის ფორმატში გარკვეული სიახლეა, მაგალითად: მოსმენის ფორმატში ცვლილება განხორციელდა და წინა წლებში თუ 1 მოკლე ტექსტი იყო და თითოეულს 1 შეკითხვა დაესმებოდა, წელს შედარებით 5 მსხვილი ტექსტი იქნება (ანუ მოცულობით დიდი) და თითოეულ ტექსტს 2 შეკითხვა დაესმება. ქულათა რაოდენობა მოსმენისთვის კვლავ 10 ქულა დარჩება, თუმცა შედარებით განსხვავებული ფორმატი იქნება. აქვე გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის ცვლილება ბევრი რაოდენობით არ არის,’’ – აცხადებს ივა მინდაძე.
რაც შეეხება აპლიკანტთა რაოდენობას, მინდაძის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით წელს რიცხვი გაზრდილი არ არის – 2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 40 000-მდე აბიტურიენტი ჩააბარებს. ამიტომ უცვლელია საგამოცდო ცენტრების რაოდენობაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ეროვნულ გამოცდებს 20-მდე მსჯავრდებული ჩააბარებს. ისინი გამოცდებს სხვა აბიტურიენტებთან ერთად ჩააბარებენ და მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოყვანას და ზედამხედველობას სასჯელაღსრულების სამინისტრო გაუწევს.
“თბილისში 10 საგამოცდო ცენტრია, ქვეყნის მასშტაბით – 22, საერთო ჯამში. აბიტურიენტთა რაოდენობის მხრივ წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელს არ აღემატება – მიმდინარე წელს 40 000-მდე აბიტურიენტი გვყავს. რეკორდული მაჩვენებელი 3 წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც, დაახლოებით, 42 000 აპლიკანტი გვყავდა. ასევე გეტყვით, რომ წელს აბიტურიენტთა უმრავლესობამ მე-4 არჩევით საგნად გეოგრაფია აირჩია, რომელსაც მოსდევს ისტორია, მათემატიკა, შემდეგ უკვე, ლიტერატურა, ბიოლოგია და ქიმია. როგორც უკვე ცნობილია, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისამდე გაგრძელდება. როდის დაიდება აბიტურიენტთა საგამოცდო შედეგები, წინასწარ ზუსტ თარიღზე საუბარი რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, შედეგები აგვისტოს 1-ელ დეკადაში გახდება ცნობილი. რაც შეეხება საგამოცდო ბარათებს, თვითონ გამოსაცდელებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ამობეჭდონ აღნიშნული ბარათები.3 დღეა, რაც ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელი გახდა,“ – განაცხადა ივა მინდაძემ.
განრიგი გამოცდების თანმიმდევრობისა და სესიების მიხედვით კი ასეთია:
3–4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა
6–7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები
უცხოური ენები:
ინგლისური 10–11 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
რუსული ენა 10 ივლისი (პირველი სესია) 11 ივლისი (მეორე სესია)
ფრანგული ენა – 10 ივლისი (მეორე სესია)
გერმანული ენა – 11 ივლისი (პირველი სესია)
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია
13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა
14 ივლისი (მეორე სესია) – ლიტერატურა
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია
18 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია
19 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია
25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება
26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
სალომე კვარაცხელია