LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური რეისი ბიზნესინტერესების დასაცავად? – შეუძლია თუ არა ბელარუსს თავისუფლება

348
FORTUNA.GE

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის მიხედვით მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 80% მიიღო, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

საპროტესტო აქციები და კიდევ ერთი გარდაცვლილი ბელარუსში

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ბელარუსი ყველაზე მეტად არის რუსეთზე დამოკიდებული. 26 წელია ქვეყანის პრეზიდენტი არ შეცვლილა. 1994 წლიდან ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკო მართავს.

შესაძლებელია, თუ არა ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური მიმართულება შეცვალოს? რამდენად არის შანსი, რომ ბელარუსმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩის? ამ კითხვებით „ფორტუნამ“ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს მიმართა.

„ლუკაშენკოს გაქცევა თუ მოუწევს, გაიქცევა მხოლოდ რუსეთში, სხვაგან ვერსად. ჩინეთში ის ნაკლებად აინტერესებთ. რა ხდება ბელარუსში ეს რთული საკითხია. ლუკაშენკოს დაქცევა და გაქცევა არ ნიშნავს, რომ იქ ყველაფერი ავტომატურად აყვავდება. ბელარუსი ეკონომიკურად ძალიან არის დამოკიდებული რუსეთზე, სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გარედან ჩანს. ჩვენ შეიძლება ეიფორიაში ვიყოთ, რომ დიქტატურა ემხობა. მაგრამ რა იქნება მერე, ეს უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ჯერ ვნახოთ დაემხობა თუ არა, ესეც გაურკვეველია. ძალოვანები ლუკაშენკოს ძლიერი ჰყავს. ბელარუსის უშიშროების სამსახური კი საუკეთესოა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ეტაპზე ბუნებრივია ელოდებიან, როდის ჩაცხრება პროტესტის მუხტი მოსახლეობაში“, – აცხადებს ექსპერტი.

ვიდეო: მინსკში სპეცრაზმელებმა ფარები დაუშვეს, მათ აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ

ლუკაშენკოს მეორე პუტინად მიიჩნევდნენ. ორივე წლებია მართავენ ქვეყნებს… მიიჩნეოდა, რომ ლუკაშენკო ხალხს უყვარდა. ბევრს ხუმრობდა და მისი ხუმრობები ვირუსულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში. რატომ შეიცვალა ასე უცებ ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ.

„პუტინსა და ლუკაშენკოს შორის პარალელის გავლება არ იქნება მარტივი და სწორი. პუტინის ხელში რუსეთი უფრო გაძლიერდა, მაგრამ ეს უფრო ნავთობის ფასების გამო მოხდა. ბელარუსი კი საქართველოზე ორჯერ მდიდარია. ბელარუსი საკმაოდ მდიდარია საბჭოთა კავშირის ქვეყნის კვალობაზე. ეს ლუკაშენკომ მოახერხა. თუ ის უყვარდათ, უყვარდათ იმის გამო, რომ ქვეყანა სტაბულური იყო. და იყო საკმაოდ მდიდარი, მაგრამ ამავე დროს ის იყო დიქტატორი. ბელარუსში იმაზე მეტი დიქტატურა იყო, ვიდრე რუსეთში. რუსეთშიც კი არ დევნიან ისე ოპოზიციონერებს, როგორც ბელარუსში. ეს სამწუხარო რეალობაა. ანუ ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, საკმაოდ საშიში. ოღონდ არა ტოტალიტარული. ნუ ჩაერევი პოლიტიკაში და რაც გინდა აკეთე და უყურე. ასეთი რეჟიმი დაამყარა ლუკაშენკომ“, – განმარტავს ექსპერტი.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ვარდების, ნარინჯისფერი და ტიტების რევოლუციების შემდეგ ბელარუსში ვიხილავთ თუ არა  მორიგ რევოლუციას?..

„იმის გამო, რომ ეს ქვეყანა 25 წელია ლუკაშენკოს ჩექმის ქვეშ ცხოვრობს. პოლიტიკური კლასი იქ არ განვითარებულა. ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. 2003 წელს ჩვენთან იყო საკმაოდ კარგი, პერსპექტიული პოლიტიკური ელიტა და იყო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. რადგან ხალხი ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე გადაეწყობა. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური კლასი, რომელიც ბელარუსს არ გააჩნია“, – აცხადებს ექსპერტი. 

ლუკაშენკოს წასვლა არ ნიშნავს, რუსეთისთვის თავის დაღწევას.

„ბელარუსი ეკონომიკურად ძალიან არის დამოკიდებული რუსეთზე. ისინი რუსეთზე ნებისმიერი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე მეტად არიან დამოკიდებული. ამაში შედის უზარმაზარი ვალი. თუ არ ვცდები, 6 მილიარდი დოლარი. 10 მილიონამდეა ბელარუსის მოსახლეობა, ანუ არც თუ ისე დიდი ქვეყანაა, ამხელა ვალისთვის. რუსეთი ბელარუსში ძალიან დიდ პროექტებს ახორციელებს. რეალურად ბელარუსი და რუსეთი მოკავშირეები არიან. თავის დროზე ამას ხელი ლუკაშენკომ მოაწერა, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი იყო, იურიდიულად ერთი ნაბიჯი აშორებს რუსეთთან გაერთიანებას. ამის გამოყენებას პუტინი დიდი ხანია ცდილობს და უნდა, რომ რუსეთს ბელარუსი შეუერთოს“, – ამბობს შარაშენიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

“თავისუფლების მარში” – მინსკში, ლუკაშენკოს წინააღმდეგ 200 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ბელარუსის ბედი მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში წყდება.

„ფაქტია, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. ხალხი ლუკაშენკოს ზურგს არ უმაგრებს და შესაბამისად ვითარება საკმაოდ დრამატულია და დიქტატორებისთვის დამახასიათებელი ფორმით იქცევა ლუკაშენკო. გამიჭირდება პროგნოზირება, რა პერიოდში შეიძლება, დამთავრდეს. შეიძლება დროში გაიწელოს, შეიძლება დრამატული მოვლენებიც განვითარდეს. ძნელი სათქმელია, როგორ მოიქცევა ჩიხში მომწყვდეული ლუკაშენკო. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების ვაკუუმია, ბელარუსიის ბედი წყდება არა მინსკში, არამედ წყდება მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში. იქ კი ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, უახლოეს მომავალში ვნახავთ“, – ამბობს ხუხაშვილი.

რატომ ვერ განვითარდება „ვარდების რევოლუციის“ სცენარი ბელარუსში?

„შევარდნაძე არ იყო ლუკაშენკო. შევარდნაძეზე ყველაფერის თქმა შეიძლება, მაგრამ ის არ იყო დიქტატორი, რომელსაც მაქსიმალურ გამწვავებაზე წასვლა შეეძლო. სამწუხაროდ, ლუკაშენკოსგან ეს სავარაუდოა. ვითარება საკმაოდ მწვავეა. როცა დიქტატორები კარგავენ ლეგიტიმაციას, ისტორია იცნობს როგორც მძიმე, ასევე რბილ პრეცენდენტებს. ლუკაშენკოს თავში რა ხდება, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ იმისათვის, რომ რბილად მოხდეს ყველაფერი, მან უნდა მიიღოს სერიოზული გარანტიები. თუნდაც პირადი უსაფრთხოების. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ის თავისივე ალტერნატივას დატოვებს მინსკში. ვფიქრობ, რუსული გეგმა ახლა ასეთია: რუსეთს კარგად ესმის, რომ ლუკაშენკომ ამოწურა საკუთარი თავი, მაგრამ რუსეთს სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ მოძებნოს მისი შემცვლელი და არ დაკარგოს კონტროლი ბელარუსზე. ეს რუსული თამაშია. ამის საწინააღმდეგოს ფიქრობს ბრიუსელი და ვაშინგტონი. რა გათამაშდება საბოლოო ჯამში, ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის უკვე უმაღლესი კლასის პოლიტიკა. გლობალური პოლიტიკის ნაწილი და ამ შემთხვევაში კი კულისებში უნდა იყო ჩახედული, რომ მეტნაკლებად ზუსტი პროგნოზი გააკეთო“, – განმარტავს ექსპერტი.

საპროტესტო ტალღა შეიძლება რუსეთშიც, პუტინის წინააღმდეგ ვიხილოთ?

„ეს ტალღა რუსეთში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ რუსეთსა და ბელარუსს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. გამომდინარე იქიდან, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით პუტინი არის მისიონისტი, ანუ ის ატარებს თავის თავში გარკვეულ მისიას, რაზეც დგას ამ ყვეყნის სტაბილურობა. ლუკაშენკო ასეთი მისიის მატარებელი არ იყო. მეტსაც გეტყვით, ბოლო წლებში ის ორმაგ თამაშში გაიბლანდა. იქით პუტინს ევაჭრებოდა, აქეთ ბრიუსელს. ცხადი იყო, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. როცა მესამე ლიგაში თამაშობ, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ პრემიერლიგის გუნდს ასე უაზროდ შეიძლება ეთამაშო. ასეთი ტრიუკები არ ჭრის, ადრე თუ გვიან, „ჭ“ კლასის მოთამაშე იბლანდება თავის თამაშებში და ყველაფერს ასე ამთავრებს. პუტინი ცოტა სხვა მოვლენაა, ის გლობალური მოთამაშეა. მათ შორის მსგავსების დანახვა ამ შემთხვევაში ცოტა მიამიტობა იქნებოდა.
გასაგებია, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს და წავა კიდეც, მაგრამ წასვლის ფორმები შეიძლება სხვადასხვა იყოს. ეს ყველაფერი კი მინსკში აღარ წყდება“, – ამბობს ხუხაშვილი.

 

 

სკანდალური რეისი თბილისი-მინსკი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მინსკში ვიზიტს უარყოფს

„საქართველო რა შუაშია, ვერ ვხვდები ყველგან რატომ ვეტენებით. საქართველო ამ თემასთან დაკავშირებით მეცამეტე გოჭია. თვითმფრინავის ისტორია კი ძალიან კომიკურია. საქართველოს ელჩის ფრენა მინსკში სასწრაფო წესით ძალიან სასაცილოა. შეიძლება ვიღაცას ბიზნესინტერესები აქვს დასაცავი და ამისთვის აფრინა ელჩი. მაგრამ ის, რომ საქართველოს ამ პროცესებზე რაიმე გავლენა აქვს და რაიმე ფორმით მონაწილეობს, ძალიან არასერიოზულია. შეიძლება ვიღაცას ბიზნესში ექმნება პრობლემები  და ელჩი გამოიყენა თავის კურიერად. მეტი არაფერი ხდება. ვინ არის ეს ვიღაც, ამაზე თქვენ თვითონ იფიქრეთ, მე ნუ მკითხავთ.

ბიზნესმენში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

„არავის არ ვგულისხმობ, რატომ უნდა ვიგულისხმო“?  – ამბობს ხუხაშვილი.

მინსკში ვინ იყო, თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა: პრეზიდენტი        

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g