„ნევროზი“ და დამამშვიდებელი პრეპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება მოდაშია.
ეს საერთო ფონია, რომელიც საქართველოში ბოლო დროს კიდევ უფრო მძაფრდება. ამაზე „ფორტუნას“ რესპონდენტების საუბარი და აფთიაქებიდან გაყიდული პრეპარატების რაოდენობაც მეტყველებს.
დამამშვიდებელ მედიკამენტებზე ბოლო თვეებში ფასმა საგრძნობლად მოიმატა – ბაზრის პრინციპი ხომ ასეთია, – პროდუქტზე ფასი, მოთხოვნასთან ერთად იზრდება.
რის გამო იღებენ მედიკამენტებს და თან ექიმის დანიშნულების გარეშე?
ჩვენი ერთ–ერთი ახალგაზრდა რესპონდენტი ამბობს, რომ დამამშვიდებელ პრეპარატებს ძილის პრობლემების გამო, უკვე წლებია, სვამს, რადგან ამის გარეშე ინსომნია აწუხებს, თუმცა ამ პრობლემით ექიმისთვის არასდროს მიუმართავს.
„მარტივად მოგვარდა ეს პრობლემა, ყოველ საღამოს ვიღებ წამალს და ვიძინებ. ექიმი რას მეტყვის სხვას“, – აღნიშნა მან.
„ფორტუნას“ კიდევ ერთმა რესპონდენტმა განუცხადა, რომ ეს ფონი არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ მოხუცებშიცაა. ის აფთიაქში მუშაობს და ამბობს, რომ უფრო ხშირად რჩევების საკითხავად, თუ რა პრეპარატი მიიღონ, მას მოხუცები აკითხავენ.
„ძალიან გაზრდილია მოთხოვნა დამამშვიდებლებზე, თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე სხვა წამლებსაც იღებენ. მოდიან მოხუცები და რჩევას ჩვენ გვეკითხებიან, ამა თუ იმ ჩივილზე რა მედიკამენტების მიღებაა შესაძლებელი, ან მის მეზობელს გამოუწერს ექიმი და ისიც თავის თავს უნიშნავს“, – აღნიშნავს ჩვენთან ფარმაცევტი.
ფსიქოლოგების აზრი: ისინი მიმართავენ თვითმკურნალობას, რაც რეალურად თვითდაზიანებაა
„დიდი ხანია, არის მოდა, რომ მე მაქვს ნევროზი, მათ არ ესმით, რა არის ეს საერთოდ. თვითონვე სვამენ დიაგნოზს, გაიკითხავენ წამალს, რომელიც „ეფექტურად მოქმედებს“, ეწევიან თვითმკურნალობას, რაც რეალურად თვითდაზიანებაა“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი „ფორტუნასთან“.
ის ასევე განმარტავს, რომ ამის მიზეზი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის სიზარმაცეა, სხვა შემთხვევებში კი შესაძლოა, ეს პოსტსაბჭოთა განწყობებთან იყოს დაკავშირებული. მესამე მიზეზად თეა გოგოტიშვილი ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს.
„ამ შემთხვევაში საქმის გამარტივების განწყობა მუშაობს, რომ გადაყლაპავ მაგიურ აბს და ყველაფერი კარგად იქნება. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, სამედიცინო სფეროშიც ექიმები გამოხატავენ ამ დამოკიდებულებას, რომ ქართველებს ნამდვილად აქვთ მაგიური აბების მიმართ წარმოსახვითი დამოკიდებულება. ჰგონიათ, რომ ყველაფერი შეიძლება, რაღაც ტაბლეტმა შეცვალოს.
მეორე მხრივ, ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია პოსტსაბჭოთა განწყობებთან, რადგან ამ დროს გავრცელებული იყო აზრი, რომ საბჭოთა მედიცინა და წამლები არის ის ხერხი, რითაც შეიძლება, ადამიანმა ყველა პრობლემა დაძლიოს.
მესამე მხრივ კი არ არის ცოდნა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თუკი დაავადებული არ გაქვს ორგანო, ე.ი. ფსიქოლოგიური პრობლემები გამყოფებს ცუდად და არაფერი სხვა“, – განაცხადა თეა გოგოტიშვილმა „ფორტუნასთან.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ასევე ხელს უწყობს ხალხში გავრცელებული მითები.
I მითი: თუ ადამიანს ემოციური პრობლემები აქვს, ამიტომ მას აქვს ნევროზი და სამკურნალოდ ნევროლოგს უნდა მიმართოს.
„რადგან ამ სიტყვის ფუძე უკავშირდება ნევროლოგს, მიდიან მათთან და სთხოვენ წამლებს, რაზედაც უმეტეს შემთხვევაში, უარს არ იღებენ.
რეალურად, თუკი პრობლემა ნამდვილად არ არის ნევროლოგიური წარმომავლობის, ნევროლოგის დანიშნულება ეფექტური ვერ იქნება,“ – აღნიშნავს ის.
გოგოტიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ძირითადად, ფსიქოემოციური პრობლემაა, რომლის მოგვარებისთვისაც პრობლემებისთვის თვალის გასწორება და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, კვალიფიციურ ფსიქოლოგთან ერთად.
„მეცნიერულად დამტკიცებული აზრია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანი გრძნობს რაღაც ჩივილებს, მაგრამ გამოკვლევები არ აჩვენებს ორგანულ დაავადებას, ეს ე.წ. ფუნქციური დარღვევაა, ფსიქოემოციური მდგომარეობის გამო“, – აღნიშნავს ის.
II მითი: რას შემიცვლის ფსიქოლოგი, როდესაც ჩემი პრობლემებია უცვლელი და გადაუჭრელი?!
ამ მითთან დაკავშირებით გოგოტიშვილი განმარტავს: „ამ ადამიანებს ბუნებრივია, არ აქვთ ამ საქმეში გამოცდილება, არ ესმით რეალობა, რომ, როდესაც უცვლელია პრობლემები, ფსიქოლოგიური მუშაობა სწორედ იქით მიემართება, რომ უცვლელი პრობლემების მიმართ შეიცვალოს განწყობა და დამოკიდებულება, რაც იმ პრობლემურ ფაქტორს უკარგავს თავის მატრამვირებელ დატვირთვას“.
ამ ყველაფერთან ერთად მოქმედებს ეთნოხასიათიც
თვითმკურნალობას ეთნოხასიათს უკავშირებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.
მისი განმარტებით, საქართველო მედეას ქვეყანაა და ამასთანაცაა დაკავშირებული ის, რომ მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ადამიანს თავის თავზე აქვს აღებული.
ქართველი ხალხის ხასიათს და მკურნალობასთან დამოკიდებულებას ის კუთხეების მიხედვითაც ყოფს.
„აღმოსავლეთი უფრო მეტად უპირატესობას ანიჭებს მედიკამენტის იმ ფორმას, რომელიც აბებით შეიძლება იყოს მიღებული, მაგრამ დასავლეთში ინექციას ანიჭებენ უპირატესობას
ეს არის განპირობებული იმით, რომ აღმოსავლეთი უფრო მეტად ორიენტირებულია რომ თვითმომსახურებაზე გაცილებით ნაკლები დრო დახარჯოს. დასავლეთს კი უყვარს, როცა ყველაფერი პროცედურებთან არის დაკავშირებული. ეს დროში ჩამოყალიბებული და გამტკიცებული ჩვევებია“, – განმარტავს ჩაჩუა.
მედეადან მედიცინამდე
კოლხეთის ძლევამოსილი მეფის აიეტის უმცროსმა ქალიშვილმა მედეამ ისტორიაში სხვადასხვა დამსახურებით მოხერხა თავის დამკვიდრება. გადმოცემების მიხედვით, იგი იყო მკურნალობის საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული, შეეძლო უკურნებელი სენების მორჩენა, ახალგაზრდობის მაქსიმალურად გახანგრძლივება და ახლად გარდაცვლილის გაცოცხლებაც კი. მედიცინის განვითარებასაც მას მიაწერენ, ვინაიდან სწორედ მან ჩაიტანა საბერძნეთში კოლხური ცოდნები ამ სფეროს შესახებ. თვითონ ტერმინი მედიცინა მომდინარეობს სახელ მედეადან.
თუმცა ეს მითოსური ამბები წარსულიდან არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თვითმკურნალობით თავი დავიზიანოთ.
ექიმები გვირჩევენ, რომ კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში, აფთიაქების ნაცვლად, შესაბამის სპეციალისტს მივმართოთ. რადგან არასწორად მიღებული მედიკამენტები, ადრე თუ გვიან, უარყოფით შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
თამთა უთურგაშვილი