LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარი, როგორც ნაგავსაყრელი: “სამინისტრო არ არის დამსუფთავებელი”

მტკვარში, თბილისის ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით ნაგვის მასა დაფიქსირდა. როგორც “ფორტუნას” მერიაში განუცხადეს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მტკვარში ჩადინება წვიმამ განაპირობა, რადგან მტკვრის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაყრილი ნაგავი, წვიმის შემდეგ, წყალში ხვდება.

“წვიმისგან ხდება ხოლმე, როგორც წესი, ასეთი დაბინძურება. მტკვრის კალაპოტი გაიწმინდა გაზაფხულზე საფუძვლიანად. ამ ეტაპზე მერია არ გეგმავს დასუფთავებას”, – განაცხადეს მერიაში “ფორტუნასთან”.

ყველა უწყებაში, რომელსაც “ფორტუნა” დაუკავშირდა და, რომელსაც შესაძლოა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდებოდეს მათ მტკვრის დასუფთავების საკითხი, განაცხადეს, რომ ისინი მტკვარს “კეთილი ნების” საფუძელზე პერიოდულად ასუფთავებენ.

“დასუფთავება სამინისტროს არ ევალება, სამინისტრო არ არის დამსუფთავებელი, ჩვენ პოლიტიკას ვსაზღვრავთ. წყლის სინჯებს ვიღებთ მხოლოდ, სადაც ლაბორატორიული კვლევით დაბინძურების ხარისხი ფიქსირდება.

“კეთილ ნებას ვიჩენთ ხოლმე, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციები გვიერთდება და ვასუფთავებთ მტკვირის (და არა მარტო ამ მდინარის) კალაპოტს”, – განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

გაზაფხულზე მტკარი და მდინარის კალაპოტი “თბილსერვის ჯგუფმა”, მერიის დავალებით, საფუძვლიანად დაასუფთავა.

კომპანიაში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერია მტკვირს დასუფთავებას დაავალებს, ისინი მზად არიან, დაიწყონ სამუშაოები, თუმცა მდინარის კალაპოტის ყოველდღიური დასუფთავება არ ევალებათ.

“ჩვენ დადგენილებაში თბილისის ქუჩების დასუფთავება გვიწერია, თუმცა კალაპოტის ყოველდღიური დასუფთავება კომპანიის ვალდებულებაში არ შედის”, – განმარტეს “თბილსერვის ჯგუფში”.

გამოდის, რომ მანამ, სანამ გაირკვევა, ვის ევალება მტკვრის სისუფთავეზე ზრუნვა, ხალხი კი ისწავლის, რომ ნაგვის ქუჩაში დაყრა არ შეიძლება, მდინარეში დიდი ოდენობით ნაგვის მასა, ყოველი წვიმის შემდეგ იტივტივებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g