მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა 2020 წლის იანვარში. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან. პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500,000 ადამიანი, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს.
“მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მიზანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აამაღლოს თავისი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ამგვარად, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები თავისი მოქალაქეებისთვის. პროექტი Log-in Georgia საქართველოს დაეხმარება ეკონომიკური დუალიზმის დაძლევაში, რათა სოფლის მოსახლეობისა და რეგიონებში მოქმედი საწარმოებისათვის იმ შესაძლებლობებთან წვდომა უზრუნველყოს, რითაც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს. ამის მიღწევა კი შესაძლებელი გახდება ქვეყნის რეგიონების მასშტაბით ციფრული კავშირის ზრდაში ინვესტირებითა და ციფრული სერვისების განვითარების ხელშეწყობით. აღნიშნული დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო გაამყარებს მისი როგორც ინოვაციური „ჰაბის“ და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოზიციას და ასევე, უზრუნველყოფს მდგრად აღდგენას COVID-19 -ის პანდემიის ფონზე”, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: (i) ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; (ii) მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; და (iii) პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვის ზრდით და ასევე, ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს ციფრული სერვისების გამოყენებას. პროექტი წაახალისებს ციფრულ საფინანსო სერვისებსა და ელექტრონულ კომერციას, ისევე როგორც ელექტრონული მთავრობის სერვისებს. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდება არა–მეწარმე, არაკომერციული იურდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
