ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან, 22 ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია” დონას” უკავშირდება. რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 7 მათგანს დადასტურებულად ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, რომელთაგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 5 შემთხვევის წყაროს და კონტაქტების დასადგენად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
მარინა ეზუგბაიამ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“16 აპრილის მერე ეს არის ყველაზე დიდი მატება. მართალია, ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია “დონაა”, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს ახალი წყარო მიგვანიშნებს, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები შევასრულოთ, რაც ეხება დისტანცირებას და პირბადის ტარებას. უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები შესაბამისი სამსახურებიდან ვისაც ეკუთვნის, განსაკურებით, სადაც თავშეყრის ადგილებია და სადაც შესაძლებელია 10 ადამიანზე მეტი შეიკრიბოს. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელონ შესაბამისმა სამსახურებმა”, – განაცხადა ინფექციონისტმა.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე 1 კრიტიკულად მძიმე და 1 მძიმე პაციენტი მკურნალობს.
“სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში 251 დადასტურებულად ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 3 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, 15 მძიმე, დანარჩენი კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ჩვენს კლინიკაში გუშინ 9 დადასტურებულად ინფიცირებული გვყავდა, 2 გამოჯანმრთელდა, 6 ახალი დადასტურებული დაგვემატა და ამჟამად 13 იფიცირებული გვყავს. მათგან ერთი კრიტიკულად მძიმედაა, ერთი მძიმედ, დანარჩენის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა”,- განაცხადა ეზუგბაიამ.