თბილისის აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალში დღეს, ჯორჯიან ეარვეისმა პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელავივიდან შეასრულა.
ამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დაიწყო, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
აღნიშნულ პერიოდში არსებული ტერმინალიდან მოფრენის ტერმინალში ორი საბარგო კარუსელი, საბაჟოსა და პოლიციის სამსახურები გადავა. ასევე დასრულდება მოფრენის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაფრენის ტერმინალში კი დამატებითი რეგისტრაციის დახლები და საოფისე ფართები მოეწყობა. ორივე ტერმინალი დასრულებული სახით მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.