საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა- შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისში 174,3 ლარი იყო, რაც წინა თვესთან შედარებით, 1,1 ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ივნისში 154,4 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 292,4 ლარი.
შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.