საქართველოში მიმდინარე უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ტურნირი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ქართულ ფეხბურთს წინ საინტერესო დრო ელის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გააჩნია ამბიციური გეგმები ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციის კუთხით.
უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატმა საქართველო კვლავ მოაქცია საფეხბურთო საზოგადოების ინტერესის ცენტრში. 2015 წლის უეფას სუპერთასის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური ტურნირია, რომელიც ჩატარდა საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა ნაკრებმა ვერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა, ტურნირმა აჩვენა, რომ საქართველოში ფეხბურთი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს: ჩეხეთისა და საქართველოს გუნდებს შორის თამაშს 25 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურს აღნიშნული წარმატებების გამოყენება ქვეყანაში ფეხბურთის ყველა დონეზე განვითარების კუთხით. ამ პროცესში საკვანძო როლს ასრულებს უეფას ინოვაციური პროგრამა „UEFA GROW“, რომელიც ეროვნულ ასოციაციებს საფეხბურთო პროცესების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სფფ-ის ვიცე პრეზიდენტის ნიკოლოზ ჯღარკავას თქმით, უეფას აღნიშნული პროგრამა დროულად და იდეალურად ჩაჯდა ფედერაციის გეგმებში.
„UEFA GROW-ის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ განიხილა შემდეგი ოთხი ბურჯი: ფეხბურთის იმიჯი საქართველოში, ჩვენი დიგიტალური ურთიერთკავშირი ქართულ საფეხბურთო ოჯახთან, მასობრივ ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა და ფედერაციის შემოსავლების გაზრდა,“ აღნიშნა ჯღარკავამ.
2017 მარტში თბილისმა უმასპინძლა UEFA GROW-ის სამიტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სფფ-ისა და 13 სხვა ეროვნული ასოციაციის დელეგატებმა. სამიტის მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთის განვითარების ახალი ეპოქის დაწყების აღნიშვნა.
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. „მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, გვემასპინძლა UEFA GROW-ის უმნიშვნელოვანესი სამიტისთვის, რამეთუ ჩვენ ყველას გვჯერა, რომ აუცილებელია ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა. სამიტზე ჩვენ წარმოვადგინეთ ფეხბურთში მასობრიობის განვითარების ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში,“ განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
როგორც სფფ-ის პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ყოფილი ფეხბურთელები არიან, და მათ კარგად იციან, თუ რა არის საჭირო ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ისევე როგორც ჩართულობის დონის ასამაღლებლად.
სფფ მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან საერთო მიზნების მიღწევის მიმართულებით, როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ფეხბურთის ხელმისაწვდომლობის გაზრდის მეშვეობით. ფედერაციის მიზანია ჩართულობის 20%-ით გაზრდა და ქალ ფეხბურთელთა რაოდენობის გაორმაგება 4-წლიან პერიოდში.
„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ახალგაზრდები, რომ წარმატების მთავარი მაჩვენებელია არა ეროვნული ნაკრების შედეგები, არამედ ფეხბურთში ჩართული ხალხის რაოდენობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ მასობრიობის გაზრდაზე, თუმცა, ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მაინც ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ქართული ფეხბურთის განვითარებას ესაჭიროება არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი ობიექტების აშენება,“ განაცხადა ნიკა ჯღარკავამ.
სფფ-ის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, საქართველოში სრულწლოვან მამაკაცთა მხოლოდ 33%-ს აქვს ნათამაშები ფეხბურთი, ხოლო ბავშვთა და სრულწლოვანთა მხოლოდ 17% თამაშობს აქტიურად. რესპონდენტთა ნახევარმა ფეხბურთის არ თამაშის მთავარ მიზეზად დროის ნაკლებობა დაასახელა.
ქალთა შორის სტატისტიკა კიდევ უფრო შემაშფოთებელია: მხოლოდ 11%-ს აქვს ნათამაშები ფეხბურთი, ამჟამად კი – ქალთა მხოლოდ 3% არის ჩართული სპორტის ამ სახეობაში. ამასთან დაკავშირებით რესპონდენტთა მიერ დასახელებულ იქნა სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის მედია-გაშუქების, მისაბაძ ადამიანთა და თამაშის შესაძლებლობების უკმარისობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული პრობლემები. UEFA GROW-ისა და უეფას მასობრიობის ქარტიის (Grassroots Charter) მეშვეობით, სფფ ცდილობს ფეხბურთში ჩართულობის გაზრდას.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ფეხბურთი კვლავაც ყველაზე პოპულარული სპორტია. გამორჩეულ ფეხბურთელებთან თანამშრომლობით, სფფ-ს სურს ჩამოაყალიბოს საინტერესო სამწვრთნელო სემინარები და მოაწყოს ტურნეები საქართველოს დიდ ქალაქებში, რათა მეტი გოგონა და ბიჭი ჩართოს სათამაშო პროცესში.
ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან ერთად, სფფ აქტიურად მუშაობს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სათამაშო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. უეფას „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის ფარგლებში, ფედერაციამ უკვე დაიწყო ახალი საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ასაკის (U-14, U-15, U-16 და U-17) 100-მდე ბავშვს მოამზადებს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში სათამაშოდ. აღნიშნულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა აკადემიაში ვარჯიშისა და სწავლის ხარჯებს სფფ დაფარავს.
სფფ-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მეტი მწვრთნელის ჩართვას სხვადასხვა საფეხბურთო სექტორში მასობრიობის ზრდის პროცესში, ასევე მეტი ადამიანი წაახალისოს აღნიშნული მიზნების მისაღწევად თავისუფალი დროის გამოყოფისკენ.
„პირველად ისტორიაში, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება მოყვარულთა შორის საფეხბურთო ტურნირები. ჩვენ აგრეთვე ჩამოვაყალიბეთ პროგრამა „ფეხბურთი სკოლებში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაში ბავშვებს შევთავაზებთ ფეხბურთის უფასო გაკვეთილებს. ამასთანავე, ფიზკულტურის 1059 მასწავლებელმა გაიარა საფეხბურთო D ლიცენზიის სამწვრთნელო კურსი, და მიმდინარეობს აღწერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაცემთა შეგროვება,“ აღნიშნა ნიკა ჯღარკავამ.
ქართულ ფეხბურთს გააჩნია დიდი პოტენციალი, და სფფ-ის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა მყარი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას. ფედერაციას იმედი აქვს, რომ UEFA GROW-ის დახმარებით ქართული ფეხბურთი მიაღწევს სასურველ წარმატებებს, და საქართველოს ეროვნული ნაკრები ხშირი სტუმარი იქნება უეფას ტურნირების ფინალურ ეტაპებზე.