“როგორც ჩანს, სახელმწიფო ემზადება გადამწყვეტი დარტყმისთვის “რუსთავი2″-ზე და ეს იქნება ფინანსური დარტყმა ფინასური და საგადასახადოსტრუქტურების მხრიდან, რაც გამოიწვევს ტელეკომპანიის დახურვას,” – ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ კომპანიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს მინისტრ ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება “რუსთავი2”-ის გადასახადებთან დაკავშირებით იყო სიცრუე და კანონმდებლობის დარღვევა.
„ძალიან უხეშად იქნა დარღევული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა, პირველ რიგში, მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა და ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არამხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა, შემთხვევითი არაა, რომ “იმედის” ეთერში გააკეთა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, ცდილობდნენ სიუჟეტის გაკეთებას. სახელმწიფოსა და “იმედის” ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. “რუსთავი2” უკვე 2 წელია, იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ სახელმწიფო ტელეკომპნია “იმედის” მეშვეობით ცდილობს, “რუსთავი2”-ს შეუქმნას პრობლემა, მათ შორის დაკვეთილი სიუჟეტების გაკეთებით და დაასახელა, რომ გუშინ სწორედ ამ თემაზე დაუკავშირდნენ მას “იმედიდან” და აპირებდნენ “რუსთავი2”-ის საგადასახადო დავალიანებაზე სიუჟეტის გაკეთებას და დღეს ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მიუთითებს, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ.
ნიკა გვარამია საგადასახადო დავალიანების რაოდენობას არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ, თუკი არ მოიხსნება ყადაღა სამაუწყებლო კომპანიის ანგარიშებზე, ვერ შეძლებს საგადასახადო დავალიანების გადახდას ამას სახელმწიფო რუსთავი2-ის დასახურად გამოიყენებს.
სწორედ ამიტომ ის საქართევლოს მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. “თუ არადა, სახელმწიფო დახურავას ერთადერთ პროდასავლურ ტელევიზიას,” – აცხადბს ნიკა გვარამია.