ერთი ქვეყნის ორგზის პრეზიდენტი და მეორე ქვეყნის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა.
როგორ დაკარგა „მოქალაქეობები“ მიხეილ სააკაშვილმა
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით 2015 წელს მიხეილ სააკაშვილმა განზრახ, ყალბი ინფორმაციის მიწოდებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და სწორედ ეს გახდა მისთვის მოქალაქეობის შეჩერების საფუძველი. 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობის მიღებისას ყოფილ პრეზოდენს ავტომატურად შეუჩერდა საქართველოს მოქალაქეობა, რადან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად დღეს მას არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა აღარ აქვს და არცერთ ქვეყანას აღარ „ეკუთვნის“ ოფიციალურად.
ვენის კონვენციის მიხედვით დაუშვებელია ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება და ის აუცილებლად რომელიმე სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. სწორედ ამ მიზეზით უთხრა საფრანგეთმა მოქალაქეობის შეჩერებაზე უარი ბიძინა ივანიშვილს წლების წინ. ყოფილ პრემიერს აღარ ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და იმის გამო, რომ მოქალაქეობის გარშე რჩებოდა, საფრანგეთმა მოქალაქეობა არ შეუჩერა. მოქალაქეობის ჩამორთმევის დროისთვის მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა და სწორედ აშშ-ის პატრონაჟის ქვეშ არის დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ვის ეკუთვნის სააკაშვილი?
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე მოქალაქეობის არ მქონე პირად ითვლება და არსებობს რამდენიმე სამართლებრივი გზა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე იცხოვროს ამერიკაში.
„საერთაშორისო სამართალში არსებობს ტერმინი – მოქალაქეობის არმქონე პირი. ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია აიღოს ამერიკაში სპეციალური საიდენტიფიკაციო მოწმობა, სტატუსის მიღების შემთხვევაში აქვს უფლება დარჩეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მისთვის სასურველი, განუსაზღვრელი დროით, ამერიკის დატოვების შემთხვევაში კი ვიზიტორი ქვეყანა გადაწყვეტს, შეუშვას თუ არა ასეთი პირი საკუთარ ტერიტორიაზე“, – განმარტავს „ფორტუნასთან“ არჩილ ჩოფიკაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიმე ქვეყნის მიერ წითელი ცირკულარით არის ძებნილი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ქვეყანა, რომელშიც ეს ადამიანი იმყოფება ვალდებულია გადასცეს ძებნილი. ამ კუთხით გასათვალისწინებელი ის ფაქტორიც, რომ მიხეილს სააკაშვილს პრობლემები აქვს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებთანაც.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პროკურატურის მიერ რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, მათ შორის სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების, 2007 წლის ნოემბერში დემონსტრანტების და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეებზე. ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ზომად პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ერთი იურიდიული გზა რჩება – მან აშშ-ს ხელისუფლებას დევნილის სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოს.
„თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას მოითხოვს ამერიკისგან და ამ ქვეყნის შესაბამისი უწყებები ჩათვლიან, რომ ექსტრადირების საფუძველი არსებობს (რაც ალბათ არ მოხდება) თეორიული შანსი მაინც არსებობს მოხდეს ექსტრადირება. ამ კუთხით მიხეილ სააკაშვილისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება თუ ამერიკას პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნით მიმართავს“, – ამბობს იურისტი
მისცემენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეობის არმქონე პირის საიდენტიფიკაციო საბუთს ან პოლიტიკური დევნილის სტატუსს, აშშ-ს საიმიგრაციო სამსახური გადაწყვეტს. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს და უკრაინაში დაბრუნების უფლებისთვის ბრძოლას გეგმავს.
თამუნა გოგუაძე