როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები ოქტომბრის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისათვის, არის თუ არა გუნდში დანაკლისი და იგეგმება თუ არა ცვლილებები ეროვნული ლიგის სეზონში ეპიდსიტუაციის გაუარესებიდან გამომდინარე?..
„ფორტუნას“ კითხვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი პასუხობს:
ბატონო დავით, პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუმრობისათვის. ოქტომბერი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, ჩვენს გუნდს სამი შეხვედრა ელის, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი რასაკვირველია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი–ოფის ნახევარფინალია ბელარუსის წინააღმდეგ. ბუნებრივია, შეხვედრისადმი არსებული უდიდესი ინტერესიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხი?..
მას შემდეგ, რაც პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მატჩები განახლდა, უეფას ეგიდით გამართული ყველა შეხვედრა მაყურებელთა გარეშე გაიმართა. ამ დროისთვისაც, ამ წუთის მოცემულობით, უეფას ეგიდით გასამართ მატჩებზე მაყურებელი არ არის დაშვებული. თუმცა 2 ოქტომბერს უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალებზე მაყურებელთა დასწრების საკითხიც განიხილება. შესაძლოა აღმასკომმა გადახედოს არსებულ რეგულაციებს და გადაწყვეტილება შეცვალოს. თუ ასე მოხდა, შესაძლოა მაყურებელი მატჩებს დაესწროს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ამ წუთისთვის არსებული წესების თანახმად, უეფას ეგიდით გასამართ მატჩებზე გულშემატკივარი არ დაიშვება და ბუნებრივია, არც 8 ოქტომბრის მატჩია გამონაკლისი. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე უეფას აღმასკომის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება მატჩის მნიშვნელობას, ბელარუსთან დაპირისპირება უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ალბათ, ზოგადად ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც. ამას ყველა ვაცნობიერებთ და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ბელარუსთან შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.
ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს 5 ოქტომბრამდე, მომავალ უქმეებზე საკლუბო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. მინდა მათ წარმატება და ნაკრებში ჯანმრთელად დაბრუნება ვუსურვო.
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთთან ელის. ეს მატჩი ერევანში უნდა გაიმართოს, თუმცა საინტერესოა არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმ ფონზე, როდესაც სომხეთი საომარ მოქმედებებშია ჩარეული როგორია უეფას პოზიცია? ხომ არ იგეგმება მატჩის გადადება ან ლოკაციის შეცვლა? და თუკი არ იგეგმება არსებობს თუ არა უსაფრთხოების გარანტიები?
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანი ძირითადად 8 ოქტომბრის მატჩზეა კონცენტირებული, ბუნებრივია საორგანიზაციო სამუშაოებს უკვე ვაწარმოებთ დანარჩენ ორ მატჩთან, მათ შორის სომხეთთან გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებითაც. ჩვენ უკვე გვქონდა კონტაქტი სომეხ კოლეგებთან და მათ დრო პარასკევამდე გვთხოვეს. სავარაუდოდ შაბათისთვის უკვე გვეცოდინება შეიცვლება თუ არა მატჩის ადგილი. მოგეხსენებათ, “არარატ არმენიამ“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი არა სომხეთში, არამედ კვიპროსში გამართა. ბუნებრივია, უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ლოკაციის შეცვლის შემთხვევაში საჭირო იქნება მგზავრობის დაგეგმვა და მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ეს ჩვენს კოლეგებსაც კარგად ესმით, ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად ორი სამუშაო დღე გვთხოვეს. საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე სავარაუდოდ შაბათს გვეცოდინება.
14 ოქტომბერს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ბელარუსის ბარიერს დაძლევს, პლეი–ოფის ფინალში სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას ან კოსოვოს შეხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ასე თუ ისე უკვე ვიცნობთ, რომელ მათგანს უფრო ისურვებდით მეტოქედ ფინალში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. მოდი, ამ ეტაპზე მხოლოდ ფინალში გასვლაზე ვკონცენტრირდეთ. იმედი მაქვს, რომ 8 ოქტომბერს მატჩის შემდეგ ყველანი გახარებულები მივუსხდებით ეკრანს და მეორე ნახევარფინალს ვუყურებთ, რომელიც ჩვენი მეტოქის ვინაობას გამოავლენს. ვფიქრობ, ეს იდეალური სცენარი იქნება. რასაკვირველია წინ ძალიან რთული მატჩი გველის, ყველა გუნდი მაქსიმალურად ეცდება ისტორიული შანსის გამოყენებას.
სამწუხაროდ, საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება. შეზღუდვები უკვე შეეხო ეროვნულ ლიგას, რომლის მატჩებსაც მაყურებელი ვეღარ ესწრება. ხომ არ იგეგმება კიდევ უფრო რადიკალური ცვლილებები, მაგალითად სეზონის დაპაუზება?
ქართულმა ფეხბურთმა საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, 25 ივნისიდან მხოლოდ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ განახლება შევძელით, რომელიც მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. რასაკვირველია ყველა ტური შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით იმართება და ჩვენთვის პრიორიტეტია როგორც სპორტსმენების, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება. დღეის მოცემულობით მატჩზე მაქსიმუმ 200 ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი და გამონაკლისი არც მომდევნო ტური იქნება. გამოწვევები რასაკვირველია უფრო მეტია, თუმცა ჩვენი სურვილია რომ ტურნირები, რომლების შეუფერხებლად მიმდინარეობს, ასეც გაგრძელდეს. ეს ეხება ფედერაციის ეგიდით მიმდინარე როგორც პროფესიულ, ასევე სამოყვარულო ტურნირებს. ამ ეტაპზე ცვლილებებს არ ვგეგმავთ, თუმცა რასაკვირველია ყოველთვის ვითვალსიწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნით შესაბამისი უწყებები გასცემენ.