საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა უკვე დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები, ვინც სათანადო შეტყობინება მიიღო, უკვე ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ გამგეობებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პირი, რომელიც მიიღებს გაწვევის დოკუმენტს, მაგრამ იგი სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოახერხებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით , მას უფლება აქვს, გადავადებით ისარგებლოს. გადავადების მოთხოვნით წვევამდელმა გაწვევის კომისიას 10 დღის ვადაში უნდა მიმართოს.
მუნიციპალიტეტის გამგეობებსა და მერიაში უკვე შექმნილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.
არსებული წესის თანახმად, როდესაც პირს უწყისი მისდის, იგი ვალდებულია 7-დან 14 დღის ვადაში გამოცხადდეს დაწესებულებაში. პირველ ჯერზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მას მეორედ მიუვა გამოძახება, თუ ამჯერადაც არ გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს საპატიო მიზეზი, კანონი ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღის ვადით. სასჯელის მოხდის ან ჯარიმის გადახდის შემდეგ ამ პირმა სამხედრო სავალდებულო სამსახური მაინც უნდა მოიხადოს.
რაც შეეხება სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას, პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდება თუ არის დედისერთა, ან არის სტუდენტი. დედისერთობის შემთხვევაში, მან უნდა წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ნათესავებისგან, მეზობლებისგან, რომ იგი ნამდვილად არის დედისერთა და გათავისუფლდება 27 წლის ასაკამდე. თუ მას სურვილი ექნება 27 წლის გახდომამდე, ისარგებლოს სამხედრო სამსახურით, ჩვეულებრივად დაწერს განცხადებას, რომ არის დედისერთა და მისი პირადი სურვილია, გაიაროს სამხედრო სამსახური.
სტუდენტობის შემთხვევაში, იგი უნდა იყოს აკრედიტებული უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტი, უნდა წარადგინოს სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან. თუმცა როგორც კი შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, სამხედრო კომისარიატს შეტყობინებას უგზავნის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც პირი სწავლობდა და ამის საფუძველზე ხდენა მისი გამოცხადება.
დღეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, თუ როგორ ხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება, რადგან ცალკეულ შემთხვევებში ადამიანებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
ამისთვის კანონით დადგენილია, რომ წვევამდელს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გადავადება თანხით, ეს იქნება 2000 ლარი, რომელსაც პირი ოფიციალურად იხდის ბანკში და წელიწადნახევარი გადაუვადდება. მას თანხით გადავადება 25 წლის ასაკამდე მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შეუძლია. გადავადების მიზეზი შესაძლოა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან თუ პატრონობს შრომისუუნარო პირს, ჰყავს ორი ან მეტი შვილი და ა.შ.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კოორდინაციას უწევს სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებას უზრუნველყოფს, ვინც თავს აარიდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად – 1225-ით; შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად- 1280-ით და სუს-ის მოთხოვნის შესაბამისად , სუს-ის გასამხედროებულ ქვედანაყოფში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 20-ით.
ელენე ლომაშვილი