ლარის გაუფასურება, ეკონომიკური სტრატეგიის არარსებობს, ახლა უკვე კორონავირუსი და სხვა ასეთი პრობლემები რომ თითქმის ყველა სექტორზე მოქმედებს, ეს სიახლე არაა. მათ შორის განსაკუთრებულ დარტყმას იღებს უძრავი ქონების სფერო. სწორედ ამიტომ, დღის თემაში უძრავი ქონების სფეროს ექსპერტ შოტა გუჯაბიძეს ვესაუბრეთ.
ექსპერტი გვეუბნება, რომ მიზეზების და ფაქტორების ჩამოთვლამ შეიძლება შორს წაგვიყვანოს, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება გვაქვს.
“ბაზარი არის ცოცხალი და აქტიური მექანიზმი და ის ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ შეგვიძლია, რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ. როცა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია, რამ უნდა შეავსოს დანკლისი უძრავი ქონების ბაზარზე – ერთ-ერთი კრიტერიუმია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უძრავი ქონებისა და მშენებლობის სფეროში. 2018 წელს მშენებლობის სექტორში 173 მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვიდა , 2019 წელს – 35 მილიონი, 2020 წელს, ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ამ დროისთვის 35 მილიონამდე მხოლოდ”, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
მან მთავრობის მიერ იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ზღვაში წვეთი იყო.
” ყველა ეკონომიკური ინსტიტუცია დგას ბანკებზე. თუ კერძო ბანკებს კრიზისი ექნებოდათ, მერე ნამდვილად რთული სიტუაცია შეიქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო თვალსაზრისით, გასაგებია, არ მოსწონთ, რატომ ხდება სუბსიდირება, ეს ემოციური განაცხადია. სინამდვილეში ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ ეს იყო ზღვაში წვეთი.
იმისთვის, რომ სტაგნაცია იყოს სტაბილური და სტაგნაციის ეს ტემპი შენარჩუნდეს, დარტყმა არ უნდა იყოს ნახტომისებური – ამისთვის იყო სუბსიდირებაც.
საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაზე გაწერილი ეკონომიკური სტრატეგია, მაგრამ ახლა რომ გავწეროთ, ის შედეგს 5 წლის მერე გამოიღებს, ანუ ეს წლების წინ უნდა გაწერილიყო. გარდა ამისა, სარემონტო მასალებსა და სხვა არაერთი სეგმენტის პროდუქციას არა მხოლოდ უნდა ვაწარმოებდეთ, არამედ რეგიონში მთავარი ექსპორტიორიც უნდა ვიყოთ, გვაქვს ამის პოტენციალი”, – აცხადებს უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი.