ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. სამუშაოებში გამთენიისას, 07:00 საათიდან ვერტმფრენიც ჩაერთო, რაც ღამის განმავლობაში, სიბნელის გამო, შეუძლებელი იყო.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თითქმის ყველა სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე.
ხანძართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ამ დროისათვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.
ბორჯომის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.