LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ტყის აღსადგენად სპეციალური ფონდი შეიქმნება – გიორგი კვირიკაშვილი

95

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ძალიან დიდია.

ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარებიან.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ არ დასრულდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ბელარუსი. როგორც ცოცხალ ძალას ასევე ტექნიკას.  ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ სტიქიას დავამარცხებთ,” – აცხადებს კვირიკაშვილი.

პრემიერის თქმით, შტაბი აგრძელებს 24-საათის განმავლობაში მუშაობას, რადგან ძალიან ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩაქრეს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი  მუშაობას გააგრძელებს.

პრემიერის განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირებისთანავე დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს ბორჯომის უნიკალური ტყე-პარკის აღდგენა.  კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზნით შესაძლოა შეიქმნას  სპეციალური ფონდიც.

„ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და აუცილებლად მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ. როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს. ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ხანძრამდე იყო,“ – აცხადებს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები