ბორჯომის ხეობაში ხანძარი რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ცეცხლს ყველანაირი საშუალებებით ებრძვიან, მათ შორის ქართული და მეზობელი ქვეყნების მიერ გამოგზავნილი ავიაციით, თუმცა როგორც კი დაბნელდება, ხანძართან ბრძოლა მხოლოდ ხმელეთიდან გრძელდება.
კითხვას რატომ არ ამუშავებენ ვერტმფრენებს ღამით? ზოგადი პასუხი გაეცა “ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაცია”.
თუმცა მიზეზი, რატომ არის მსგავსი რეკომენდაცია გაცემული, საჯაროდ არ გაჟღერებულა.
როგორც “ფორტუნასთან” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტეს, ვერტმფრენების ღამით მუშაობა მაშველი-მეხანძრეებისა და მოხალისეებისთვისაა სახიფათო.
“ტონობით წყალს ასხამენ ვერტმფრენებიდან, ქვევით კი ცოცხალი ძალაა. შემთხვევით რომ დაესხას მეხანძრე მაშველს წყალი ამ ციცაბო კლდეზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება. სწორედ ამის გამო ვაჩერებთ ღამით ვერტმფრენების მუშაობას”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ბორჯომის ხეობაში ხანძარს სამი დღეა ებრძვიან. დაბნელებისას ვერტმფრენები მუშაობას წყვეტენ და გამთენიისას, დილის 6 საათიდან აგრძელებენ. დღეს სამაშველო სამუშაოებში ბელარუსიდან გამოგზავნილი ულტრათანამედროვე სამაშველო ვერტმფრენიც ჩაერთო.
თუმცა, მეტეოროლოგიური პირობები, სამაშველო სამუშაოებს ართულებს. ძლიერი ქარი ფერდობზე, უკვე ჩამქრალ კერებს აღვივებს.