LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გერმანია ავტობანების ქვეყანაა, ხომ შეიძლება ვძლიოთ ჩვენს ზედაპირულობას და გადმოვიღოთ მოძრაობის სასიცოცხლოდ აუცილებელი წესები?” – მამა თამაზ ლომიძე

151
unnamed

დეკანოზი თამაზ ლომიძე გორის ავტობანზე მომხდარ ავარიას ეხმაურება და არსებულ პრობლემაზე საუბრობს.

მამა თამაზი წერს, რომ ავტობანზე მოძრაობის ძირითადი წესები უნდა შეიცვალოს, რათა სამომავლოდ ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ.

სასულიერო პირს მაგალითად გერმანიის მოწესრიგებული საგზაო სისტემა მოჰყავს და აღნიშნავს, რომ გერმანია ავტობანების ქვეყანაა და მაგალითი სწორედ აქედან უნდა ავიღოთ.

“გერმანია, შეიძლება ითქვას, ავტობანების ქვეყანაა. ევროპაში არსად არაა ისეთი სარულყოფილი, მოწესრიგებული და ბევრი ავტობანი და თან არსად დადიან ისეთი დიდი სიჩქარით, როგორც გერმანიის ავტობანებზე. ხომ შეიძლება ვძლიოთ ჩვენს ზედაპირულობას და სიზარმაცეს, ავდგეთ და ავტობანების ქვეყნიდან გადმოვიღოთ ავტობანზე მოძრაობის ძირითადი და სასიცოცხლოდ აუცილებელი წესები, რათა უაზროდ არ განადგურდეს ადამიანების სიცოცხლე?! საქართველოს ერთადერთ ავტობანზე როცა გამივლია, ყოველთვის გაკვირვებული და შეძრწუნებული ვამჩნევდი ხოლმე იმ საშინელ დარღვევას, რამაც გუშინ გორთან სავარაუდოდ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში ავტობანს აქვს ორი სავალი ხაზი და დამატებით, მარჯვენა სათადარიგო ზოლი. საქართველოს მძღოლები ამ დამატებით ზოლში ჩვეულებრივ აჩერებენ ავტომობილებს, ზოგი ისვენებს, ზოგი რაღაცას ყიდულობს და ზოგიც სხვა საჭიროებებს იგვარებს. თან ფარებს ტოვებენ ჩამქრალს და მანქანა ღამით ფაქტობრივად შეუმჩნეველია სანამ ზედ არ მიადგები. ესაა საშინელი და პირდაპირ სასიკვდილო დარღვევა. ესაა როგორც ორჯერ ორი: ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრაობისას კატეგორიულად დაუშვებელია გაჩერება გვერდითა, სათადარიგო ზოლში. ეს სათადარიგო ზოლი გასაჩერებლად კი არ არის, არამედ პოლიციისთვის, სასწრაფოსთვის და სახანძროსთვის უნდა იყოს მუდმივად თავისუფალი, რადგან როცა ავტობანი გადატვირთულია და რაიმე ცუდი შემთხვევა ხდება, დაუბრკოლებლად უნდა შეეძლოს პოლიციას, ექიმის და მაშველს ადგილზე მისვლა. ჩვენი მძღოლები ვერ აცნობიერებენ, რა სასიკვდილო საფრთხეს ქმნიან, როცა ავტობანის დამატებით ზოლში აჩერებენ ავტომობილებს, განსაკუთრებით ღამით, როცა ხედვა ისედაც შეზღუდულია. 1 მეტრითაც რომ აუცდეს საჭე მარჯვენა სავალ ნაწილში მოძრავ გადაღლილ მძღოლს, უკვე გარდაუვალია შეჯახება. სავარაუდოდ ეს მოხდა გორთან გუშინ, როცა სათადარიგო ხაზში გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა ტრაილერი და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რატომ ვწერთ ახლა ამას? იმიტომ, რომ სამძიმრის გულშიჩამწვდომი სიტყვებით არ იღლება ხალხი, მაგრამ რეალურად სხვა რამაა ახლა საჭირო. მე რომ ხელისუფლების ადგილას ვიყო სასწრაფოდ გავამკაცრებდი პოლიციის პატრულირებას კონკრეტულად ამ დარღვევაზე და მკაცრ ჯარიმებს დავაწესებდი ასეთი “მკვლელი” მძღოლებისთვის.
როგორ ხდება გერმანიაში? გერმანიაში სათადარიგო ზოლში გაჩერება დაშვებულია მხოლოდ იმ გამოუვალ შემთხვევაში თუ მანქანა გაფუჭდა და მოძრაობა აღარ შეუძლია. ამასთან მძღოლიც და ყველა მგზავრიც სასწრაფოდ უნდა გადმოვიდნენ მანქანიდან, ჩაიცვან ყვითელი ავარიული ჟილეტები, გადავიდნენ დამცავის რელსის მიღმა და დაელოდონ ავარიულ დახმარებას. დაუშვებელია ადამიანების დგომა ავტობანზე. ასევე მანქანიდან 50 მეტრში უნდა დადგან ავარიული სამკუთხედი გაჩერებული მანქანის ადრეულად შესამჩნევად. ამ წესს იცავს აბსოლუტურად ყველა მძღოლი, გამონაკლისი არ არსებობს. დამრღვევს ეკისრება დიდი ჯარიმა, რადგან ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
გაითვალისწინეთ ყველამ, სასწრაფოდ იმოქმედოს კანონმდებელმა და პოლიციამ, ავტობანის სათადარიგო ზოლში კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი ავტომანქანის გაჩერება,”-წერს მამა თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g