„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო მედიაცენტრში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციამ ხმის დათვლის პროცესი შეაფასა და არჩევნების დღის საბოლოო შედეგი წარადგინა.
შემაჯამებელ ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში და აღინიშნა, რომ ასეთი ფაქტები საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას.
„შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა, ამიტომ ეს ფაქტები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.
„მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.
პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე – სარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სახით“.
„სამართლიანი არჩევნები“ დისბალანსის ტენდენციასთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს კომისიის წევრების ქმედებებზე, როდესაც გარკვეულ უბნებზე ისინი ცდილობდნენ, არ მიეცათ დამკვირვებელებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები. ამის მიზეზად კი შესაბამისი ტექნიკის გაუმართაობას ან უქონლობას ასახელებდნენ.
ხმის დათვლის და შეჯამების პროცესში, გარკვეულ უბნებზე დაფიქსირდა გარკვეული პროცედურული დარღვევები. აღინიშნა დამკვირვებლებზე ზეწოლისა და ხელისშეშლის აფქტები.
როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, ამ დროისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში მათ წარდგენილი აქვთ 94 საჩივარი, საოლქო კომისიებში 106, ჩანაწერთა წიგნში კი დაფიქსირებულია 37 შენიშვნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 56.7 %, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ქტივობის მაჩვენებლის მსგავსია. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 55.4 %-ს გაუტოლდა, რაც გაზრდილია 2016 წლის არჩევნების მონაცემთან შედარებით, რეგიონში კი ეს მაჩვენებელი გუშინ 57.2 % იყო და აღემატებოდა 2016 წლის პროცენტულ მაჩვენებელს – 52,3%-ს.