სასტუმრო „შერატონში“ „ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ მხრიდან იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
შეხვედრას ასევე ესწრება კახა კუჭავა , რომელიც „ოცნების“ საგარეო კურსს ხელმძღვანელობს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ანალოგიური შეხვედრა ეუთო/ ოდირის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია სადამკვიდრებლო მისიას წარუდგენს კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა.
შეხვედრის პარალელურად „შერატონთან“ მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის აქცია.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ამ ფორმით სურთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდინონ ხმა.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, ვიდრე არჩევნების შედეგებს ბათილად არ ცნობენ.
,,ჩვენ ვაპროტესტებთ არჩევნების მიტაცებას. ჩვენი პროტესტი იქნება მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაუბრუნდება ქართველ ერს. გვინდა გავაგონოთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ ქართველები არ ვეგუებით ამ ტოტალურ გაყალბებას და ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ვუთხრათ, რომ ისინი იგრძნობენ მუდმივ დისკომფორტს ვიდრე არ დაგვიბრუნდება არჩევანის გაკეთების უფლება”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.