2 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ,,პსპ” დაზღვევის გენერალური დირექტორი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფია ლებანიძე სტუმრობდა.
– სოფია, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის, მით უმეტეს თქვენი დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით. თქვენ აშშ-ში კონფლიქტების მართვას სწავლობდით. საინტერესოა თავად როგორ მართავთ კონფლიქტებს? თქვენ ბევრ ლოკაციაზე გეკავათ ხელმძღვანელის პოსტი რაც თავისთავად გულისხმობს კონფლიქტების მართვას. როგორი უნდა იყოს ოქროს წესი სხვადასხვა ინსტიტუციებში?
– დიდი მადლობა თქვენ, ძალიან მიხარია რომ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ. რადგან საუბარი ამერიკული განათლებით და კონფლიქტებით დავიწყეთ, ვიტყოდი, რომ ჩემი ბიოგრაფიის ეს ნაწილი განსაკუთრებით მიყვარს, თანაც ბოლო დროს სხვა თვალით დავინახე ჩემი ამერიკული სტუდენტობის დრო, რადგან ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი ბაიდენი იმავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია, რომლისაც მე.
რაც შეეხება კონფლიქტებს, კონფლიქტების მართვაში არ არსებობს ოქროს წესი. არ არსებობს რაიმე დაწერილი რეცეპტი, რომლის შესრულებაც უშველის სიტუაციას. თუმცა თუ ყოველთვის გვეცოდინება ერთი ჭეშმარიტება – რომ ყველა კონფლიქტი ვერ მოგვარდება, თუმცა ყველა კონფლიქტი მართვადია, ეს საგრძნობლად დაგვეხმარება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა კონფლიქტში მხოლოდ ნეგატივი არ დავინახოთ. კონფლიქტი დიდ ძალასაც გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ დესტრუქციული კონფლიქტი ნეგატიურია, კონსტრუქციული კონფლიქტი დიდ ენერგიას და მოტივაციას გვაძლევს. ასე რომ ალბათ სწორედ ესაა ოქროს წესი, ვმართოთ კონფლიქტები.
– გიყვართ კომპრომისები, მაგრამ არა დათმობა – ეს ამონარიდია თქვენი მნიშვნელოვანი წინადადებებისა. ხშირად ხვდებით საქართველოში საკომპრომისო ვითარებაში?
– რატომ საქართველოში, კომპრომისს გეოგრაფიული არეალი არ გააჩნია. თუმცა, მოდით ასე ვიტყვი – კომპრომისის გარეშე შეუძლებელია იცხოვრო. სიჯიუტეს და სიხისტეს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ამიტომ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს კომპრომისისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა დათმოთ. ჩემი აზრით კომპრომისზე წასვლის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ადამიანს როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში გამოადგება.
– რა როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში საერთაშორისო განათლებამ და მისი მიღებისას რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოაჩინეთ?
– ყველაფერი წიგნში არ წერია, თუმცა ყველაფერს ვერც ცხოვრებისეული გამოცდილება გასწავლის. ამიტომ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და აკადემიურ განათლებას შორის ალბათ ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას. ამერიკაში განათლების მისაღებად იმ დროს წავედი, როდესაც ჩემი კარიერა უკვე საკმაოდ წარმატებული იყო. ვიყავი ჯანდაცვის ომბუდსმენი და ყველას ძალიან გაუკვირდა, როდესაც სასწავლებლად წავედი, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი დრო შევარჩიე და ჩემს საბაზისო განათლებას და გამოცდილებას, რაც მიღებული მქონდა, დავუმატე ძალიან ბევრი რამ. ამიტომ ჩემი აზრით, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის ნაწილში ადამიანმა არ უნდა იჩქაროს, ეს ყოველთვის დროულია. გამოცდილება + აკადემიური ცოდნა = წარმატებას. ეს არის ჩემი ფორმულა.
– როდის ამოიცანით საკუთარ თავში ძლიერი ხელმძღვანელი? როდის მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი გარდატეხა, როცა მიხვდით ამას?
– ძლიერი ხელმძღვანელი ვარ ან საერთოდ ძლიერი ვარ თუ არა, ეს ალბათ ჩემს კოლეგებს ან უშუალო ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ. თუმცა სიძლიერე ბევრი კომპონენტით ფასდება, მათ შორის შეიძლება იყოს გამოწვევების დაძლევის ჟინი, სირთულეების დაძლევის ნაწილი, კრიზისების მართვა. თუ ამ კომპონენტს ავიღებთ ვიტყოდი, რომ არ მეშინია გამოწვევების და მიყვარს სირთულეები, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ საქმეში რომელსაც ვიწყებ ან ვაგრძელებ, ვცდილობ ვიპოვო სირთულე, რაც მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ მას შევეჭიდო, სხვანაირად მოსაწყენი იქნებოდა. იმ დროს, როდესაც ვხედავ, რომ სამსახურში რაღაც ახალი აღარ ხდება, შეიძლება დავტოვო სამსახური. ამაზე მეტყველებს ჩემი სამსახურებრივი ისტორია. რადგან თუ არ არის ახალი გამოწვევები და სირთულეები, საინტერესოც არაფერია.
– გამოწვევები აუცილებელია, თუმცა რა ხდება დღეს, ძალიან დიდი გამოწვევების ფონზე მსოფლიოში, რა ხდება დაზღვევის სფეროში?
– დღეს ხდება ისეთი რაღაც, რაც არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველას გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. ბევრი სირთულეა და ალბათ წინასწარ ვერავინ შეძლებდა წარმოედიგნა ის სირთულეები, რაც კოვიდმა გამოიწვია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ადაპტაციის კარგი უნარიც აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში, ბევრი რამ სხვა კუთხით დავინახეთ. ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. გამოჩნდა ბევრი საინტერესო სივრცე, ერთ-ერთი არის ტექნოლოგიური პერსპექტივები დაზღვევის ბიზნესში და ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ტექნოლოგიურ სიახლეებზე და პროდუქტებზე რომლებიც ნებისმიერი ინდივიდისათვის შეიძლება იყოს საინტერესო, რათა მათი რისკები სათანადოდ იყოს მართული ნებისმიერ სიტუაციაში.
– რას ნიშნავს თქვენთვის სტუდენტებთან ურთიერთობა?
– მე მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობ და რომ არ იყოს ჩემი აკადემიური ცხოვრება, ჩემი კარიერული განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის სტიმულია, მათგან ბევრ ახალს ვსწავლობ. მუდმივად მოტივირებული ვარ, რომ კითხვებზე პასუხები მქონდეს. ჩემთვის აკადემიური გარემო ის სივრცეა, რომელიც პროფესიულ განვითარებაში ძალიან მიწყობს ხელს და ტემპს არ ვკარგავ.
– როგორ შევინარჩუნოთ სამსახურში მეგობრული გარემო და ამავდროულად არ გამოგვრჩეს არანაირი გადაცდომა და გამოვიჩინოთ გარკვეული სიმკაცრე? როგორ ახდენთ ამ თვისებების კონცენტრაციას?
– მე არ გამოვიყენებდი სიტყვას სიმკაცრე ან სიხისტე. უბრალოდ შესაბამის სიტუაციაში გარემოდან და საკითხიდან გამომდინარე შესაბამისი ქცევით ვლავირებ. ზოგადად გარემოზე ბევრია დამოკიდებული და ვფიქრობ, სიმკაცრე არ არის საჭირო, მით უმეტეს მაშინ, თუ სიმკაცრე ეთიკის საზღვრებს სცდება. გამოდინარე იქიდან, რომ ძალიან ახალგაზრდა ასაკში დავიწყე მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობა, ვცდილობდი რომ ძალიან მოქნილი ვყოფილიყავი ურთიერთობაში და კოლეგიალური დამოკიდებულება, ეთიკა და ზოგადად ყველაფერი დამებალანსებინა. ზოგადადაც არ ვარ მკაცრი ცხოვრებაში, უბრალოდ ვარ ზომიერად მომთხოვნი. მომთხოვნი ვარ განსაკუთრებით კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში, რომელიც მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტიორად ნებისმიერ საქმეში. კეთილსინდისიერების გარეშე არცერთი საქმე არ გაკეთდება და იქ სადაც კეთილსინდისიერებაა, სიმკაცრე ალბათ არცაა საჭირო.
– როგორი უნდა იყოს საქმიანი შეხვედრა? როგორი უნდა იყოს საქმიანი პარტნიორი, რომელიც შეხვედრაზე მოდის?
– მომზადებული და მოწესრიგებული. პარტნიორი სწორედ ასეთი უნდა იყოს.
– თქვენი კარიერის განმავლობაში საჯარო სექტორშიც მუშაობდით და კერძოშიც. რომელია თქვენი არჩევანი?
– ორივე თანაბარმნიშვნელოვნად. ორივეს აქვს თავისი დადებითი და თავისი ნაკლოვანება. ორივე სფეროში მიმუშავია, ორივეგან განვვითარებულვარ, კომფორტიც ორივეგან მქონია და მიმიღწევია დასახული მიზნისთვის. სხვათაშორის ძალიან არ მიყვარს, როდესაც კერძო სექტორის წარმომადგენლები საჯარო სექტორს აძაგებენ და პირიქით. ამ მიდგომას არ ვეთანხმები და მგონია, რომ წარმატების კიდევ ერთი ფორმულა ისაა, რომ ადამიანს შეუძლია ორივე სფეროში მუშაობა და განვითარება.
– ვისაუბროთ ჩაცმის სტილზე სამსახურში და მის გარეთ. როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?
-სამოსს გარემოებიდან გამომდინარე ვირჩევ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ქუსლებს ვერ ვეგუები. შეიძლება ხანდახან მომიწიოს ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, მაგრამ ეს ჩემი კომფორტის ზონა არ არის.
– გადაწყვეტილებებს რამდენად სწრაფად იღებთ?
– ჩემი აზრით, ყველა გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება რაღაც დრო. არ მიყვარს არც ნაჩქარევად და არც დაგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი სიმძიმის ძალა და მის მიღებამდე ყველაფრის აწონ-დაწონვაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ არასდროს შეგვეშინდეს საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაბრუნება, რათა შევაფასოთ მათი სისწორე. სხვათა შორის ძალიან რთულია საკუთარ გადაწყვეტილებაში შეცდომის პოვნა. ნებისმიერი მენეჯერი უშვებს შეცდომებს და თუ მას ყოფნის იმის გამბედაობა, რომ თანბამშრომლებთან აღიაროს შეცდომები და იმსჯელოს, ეს იქნება უპრეცედენტოდ კარგი შემთხვევა. ამ დროს კოლეგებთან მენეჯერი უფრო ანგარიშვალდებული და გახსნილია, თანაც მათ მაგალითს აძლევს იმისა, რომ გააანალიზონ საკუთარი გადაწყვეტილებები და აღიარონ შეცდომები.
– თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ საკუთარ თავში?
– ასე ვერ გამოვყოფ. ალბათ იმას უფრო ვიტყვი, რა არ მომწონს. ბევრს ვლაპარაკობ.
-„პსპ“ დაზღვევის სლოგანი?
-ინიციატივები დასჯადი არ არის.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ დღის განმავლობაში?
– მოდით, ასე ვთქვათ.
– კერძი,რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ ოჯახის წევრებისთვის და კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ საკუთარი თავისთვის?
– საკუთარი თავისთვის ვამზადებ მაწვნის შეჭამანდს ბებიის რეცეპტით. ოჯახის წევრებისთვის კი ვამზადებ ბრინჯს ბოსტნეულით და დამარინადებულ, ღუმელში გამომხვარ ორაგულს.
– მუდმივად ფორმაში ყოფნის საიდუმლო…
– საკუთარ თავს ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ.
-ექსტრემალი ხართ?
– ნაკლებად.
– სპორტი რომელსაც მისდევთ?
– ცურვა და სათხილამურო სპორტი, თუმცა ამ მხრივ ბოლო დროს ცოტა მოვიკოჭლებ ამ მხრივ.
– აზრი, რომელიც ახლა გებადებათ?
– მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე..
– საყვარელი მომღერალი, მსახიობი და ფილმი?
– ასეთი არც მაქვს და არც მექნება. საერთოდ, ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც ამ კითხვაზე პასუხი აქვთ, რადგან ძალიან ბევრი მსახიობი, მომღერალი და ფილმი მომწონს.
– საჩუქარი, რომელიც სულ გახარებთ?
– ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემი შვილია, ყველაზე ბედნიერი დღე კი 17 მაისია, დღე, როდესაც ქვეყანას მოევლინა.
– ვინ არის თქვენი საუკეთესო მრჩეველი?
– ასეთი ბევრია და ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც რჩევების გაცემის კუთხით გულუხვები არიან. ზოგადად სხვისი აზრის მოსმენა მიყვარს.
– სამაგიდო წიგნი?
– არ მაქვს. ბევრი რამ მაინტერესებს და ერთი წიგნი ამას ვერ მოიცავს.
– თუ გაქვთ რაიმე სამოტივაციო ფრაზა, რომლითაც მოტივაციას იმაღლებთ სირთულეების დროს?
– ალბათ სირთულეების გადალახვისას საკუთარი თავი არ უნდა შეგვეცოდოს. ნუ დაგვენანება ნურც ენერგია, დრო და რესურსი, რასაც წარმატების მისაღწევად დავხარჯავთ.
– გადაცემის სახელი რომელსაც სტუმრობთ?
– „წარმატების ფორმულა“.
– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა? რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული ადამიანი, რომ მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ სფეროში?
– ჩემი აზრით ერთი, ან რამდენიმე თვისება საკმარისი არ არის, უფრო თვისებათა ერთობლიობა. ვთვლი, რომ პირველი საჭირო თვისება შრომისმოყვარეობაა, მეორე კეთილსინდისიერება. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ არასოდეს შეგვეშინდეს სირთულეების. ეს სამი თვისება ყველაზე მნიშვნელოვანია და საერთო ჯამში წარმატებასთან მივყავართ. ძალიან კარგი მომენტია, როდესაც წარსულს იხსენებ და ამბობ – „მე შევძელი ამის გაკეთება“.