საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის შესასრულებლად, მოლაპარაკებები გამართა.
მერსედეს ვერა მარტინის თქმით, COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. შოკის შედეგად 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ–ს 5-პროცენტიანი კლება.
მერსედეს ვერა მარტინიმ ქართულ ტურიზმზეც ისაუბრა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ტურიზმის სექტორის შემოსავლები 2019 წელს არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას 2024 წელს შეძლებს. „მოსალოდნელია, რომ ტურიზმის შოკი დიდხანს გასტანს და 2019 წლის დონეს ტურიზმის შემოსავლები მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება“, – აცხადებენ ფონდში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, 2020 წლის 9 თვეში საქართველოში 1.37 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 77.1%-ით ნაკლებია.