LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველ დედაქალაქში, მცხეთაში აღვნიშნავთ ჩვენი ნაკრების გამარჯვებას – ქართული ფეხბურთის ქომაგები 

225
14231959-1222896811104492-212573315129921679-o

საქართველო ისტორიული მატჩისა და წარმატების მოლოდინში – დღეს 21:00 საათზე,  ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ჩვენს გუნდს ასეთი შანსი 30-წლიან ისტორიაში არასოდეს ჰქონია. მოგების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

დღეს ისტორიული მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება. გარდა ამისა, ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საღამოს 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათია დაწესებული, რაც გულშემატკივრებს შეკრებებს და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას უზღუდავს.

საქართველო დღეს საღამოს ევროპა უნდა გახდეს: თამაში, რომელიც ფეხბურთზე მეტია

 

რას აპირებენ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები – ამ თემაზე “ფორტუნა” “ქართული სპორტის ქომაგების” პრეზიდენტს, ბექა ნოზაძეს ესაუბრა.

 

ფეხბურთელებს განსაკუთრებით კარგად ესმით ქომაგთა მნიშვნელობა და გვახსოვს საქართველო-ბელარუსის მატჩის დროს გულშემატკივართა განსაკუთრებული დახვედრა. რას გეგმავთ, ფეხბურთელების დახვედრასთან და გამხნევებასთან დაკავშირებით?

ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოგვიდგენდით, რომ ასეთი შანსი გვექნებოდა და ჩვენ სტადიონზე არ ვიქნებოდით. რთულია, სტადიონს გარეთაც არ შეგვიძლია ყოფნა. ვეცდებით, რომ ჩვენი მუხტი აუცილებლად გადავცეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. მათ აღნიშნეს კიდეც, რომ ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩვენი დახვედრა.
მუშტაიდის ბაღში ვიკრიბებით. ჩვენი ფეხბურთელების ავტობუსს შევაცილებთ სტადიონზე. ამის შემდეგ მცხეთაში გადავინაცვლებთ, რადგან რეგულაციების გათვალისწინებით ვერ შევძლებთ ქუჩაში დარჩენას. საქართველოს პირველ დედაქალაქში აღვნიშნავთ ჩვენი ნაკრების გამხნევებას და გამარჯვებას.

გქონდათ თუ არა შესაბამის უწყებებთან შეთანხმების მცდელობა, საუბარი, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, დაეშვათ მატჩის შემდეგ გულშემაკრივართა აქტივობების განახორციელება?

დიახ, გვქონდა ამაზე საუბარი, თუმცა საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით არ დაგვრთეს გარეთ ყოფნის ნება.  ჩვენ რა თქმა უნდა ვემორჩილებით მათ რეკომენდაციებსა და წესებს, არ ვარღვევთ კანონს. შესაბამისად, ვინაიდან მცხეთაში არ არის არანაირი შეზღუდვა, ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში, 5:00 საათამდე ვიქნებით იქ.

დღეს მნიშვნელოვანი რამ შეიძლება გადაწყდეს საქართველოსთვის. ისტორიული მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება. ქართული ფეხბურთის ქომაგებს გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე არ ეძლევათ გულშემატკივრობის საშუალება. როგორ ფიქრობთ, შეაკავებს თუ არა მაყურებლებს ეს ემოციები?

ვერ გეტყვით. გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ქალაქში გამოსულ ადამიანს ჯარიმას არ დაუწერენ. 30 წელია ამ თამაშს ელოდება მთელი საქართველო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გავიმარჯვებთ და ეს ემოცია გადაეცემა მთელ საქართველოს. როგორც ფეხბურთელებმა აღნიშნეს, დაინგრევა საქართველო სიხარულით ამ  გამარჯვების ფონზე. მუხტი იმატებს და დარწმუნებული ვარ ეს მუხტი აუცილებლად გაყვება სტადიონზე ჩვენ ნაკრებს, უნდა გავიმარჯვოთ!

რა მოლოდინი გაქვთ და როგორ აფასებთ დღევანდელ მატჩს?

სხვა შედეგი არ განიხილება! არანაირი გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს. ეს თამაში არის მოსაგები. საქართველოში დარჩება ერთა ლიგის თასი და საქართველო მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ფეხბურთელი გვაკლია, მსაჯი არ დაგვეხმარა თუ ამინდმა არ შეგვიწყო ხელი – არ  განიხილება. ეს არის ომი და ამ ბრძოლაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g