კახა ბენდუქიძის შვილი, „ცოდნის ფონდის“ დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაჟის დედა გახდა. ამ სასიხარულო ამბავს ემოციური დატვირთვა აქვს.
“6 წლის განმავლობაში, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის. ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი. ბედის ირონია, ეს მაშინ გავიფიქრე, როდესაც ექიმმა შვილის დაბადების თარიღად 13 ნოემბერი დამისახელა.
ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა 3,5 საათით ადრე მოვლინებოდა სამყაროს. ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ალექსანდრე მხეიძე დაიბადა 3,7 კგ და 51 სმ და თავს კარგად გრძნობს…
შეიძლება 2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, ჩემი გული აივსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის”- წერს ანასტასია ბენდუქიძე.
ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.