LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თვითკმაყოფილება ყველაზე მოკლე გზაა მარცხისა და უკვე მიღწეულის დასაკარგად” – ,,TV პირველის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე სტუმრად გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

80
warmatebisformula201117

გადაცემის ლაივი LIVE

16 ნოემბერს რადიიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ,,TV-პირველის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე სტუმრობდა, რომელმაც გლობალური კრიზისის პერიოდში მედიის ფუნქციასა და მისი სწორად მართვის მეთოდებზე ისაუბრა.

– ნანა, უზარმაზარი სამუშაო გამოცდილება შეიძინეთ სხვადასხვა სფეროში საქმიანობით, დღეს კი მედიაში ხართ. საინტერესოა, რამდენად რთულია ობიექტური ტელევიზიის მართვა?

– სინამდვილეში, ობიექტური ტელევიზიის მართვა ბევრად მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თუ რა თქმა უნდა, ჟურნალისტები იქნებიან ისე თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორც ,,TV-პირველის” თანამშრომლები არიან. ძალიან ვამაყობ ჩვენი არხით და ბედნიერი ვარ, რომ არსებობს ქართულ მედიაში პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი ტელევიზია, რომელიც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია-საშუალების რეპუტაციით სარგებლობს.

– თქვენი აზრით, გლობალური პრობლემების დროს, როგორ უნდა იმართოს კრიზისი?

– ვფიქრობ, მთავარი ხელმძღვანელის გამოცდილება და უნარია შეუქმნას გუნდს სტაბილური გარემო და ნებისმიერი კრიზისის შემთხვევაში მისცეს განვითარების, წინსვლის საშუალება. ჩვენ ნებისმიერი სირთულის დროს გვაქვს ერთმანეთის იმედი და სწორედ ამიტომაა,,TV-პირველი” წარმატებული ტელევიზია. პანდემიის პერიოდში, როცა ბევრმა დაკარგა სამუშაო, ჩვენ არც თანამშრომლები დაგვითხოვია, არც ხელფასი შეგვიმცირებია, პირიქით სწორედ მატერიალურად ვცადეთ მათი მხარდაჭერა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

– თქვენი აზრით, რა როლს უნდა ასრულებდეს მედია კრიზისის დროს?

– მართლაც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რადგან ჩვენი არხი დიდი ხანია გასცდა სტანდარტული მედია საშუალების საქმიანობის საზღვრებს და ბევრად მეტი ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე. საბედნიეროდ, უამრავი გამოწვევის ფონზე ჩვენ მაინც ვახერხებთ ვიყოთ პირველები და ყველაზე ობიექტურები.

– რა შეიცვალა ტელევიზიაში პანდემიის პერიოდში?

– საკმაოდ გართულდა მუშაობა, რადგან ყოველთვის დატვირთულ რეჟიმს უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაც დაემატა. მოიმატა პასუხისმგებლობამ, რადგან ახლა ჟურნალისტებთან ერთად რესპოდენტების უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებაც გვაქვს.

– მედიის პარალელურად, საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ. არასდროს გენატრებათ ძველი სამსახური?

– მართალია, განათლება სწორედ ბიზნესისა და ფინანსების მართვის მიმართულებით მივიღე, მაგრამ დიდხანს ვერ შევძელი ამ სფეროში საქმიანობა. საბოლოოდ, შანსი მომეცა და ძალიან მიხარია, რომ ამ კუთხითაც მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობები. მონატრებით კი, ნაკლებად მენატრება, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ მედიაში მუშაობით.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– კონკრეტული გეგმა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საქმიანობა ,,TV-პირველთან” იქნება დაკავშირებული.

– რას თვლით ,,TV-პირველის” მთავარ პრიონციპად?

– ჩვენი ტელევიზიის ფუნდამენტური პრინციპი ჟურნალისტებისთვის სრული თავისუფლების და დამოუკიდებლობის მინიჭებაა. არ ღირს მათი საქმიანობის შეზღუდვა და საკუთარი აზრის თავსმოხვევა.

– როგორია იდეალური ხელმძღვანელი?

– თავიდან ,,TV-პირველი” საკმაოდ მოკრძალებული ტელევიზია იყო, მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში გაზარდა მასშტაბები, ამიტომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა, რათა მარტივად მოვრგებოდით გაზრდილ მასშტაბებს და ბევრად გართულებულ სტრუქტურას. რაც შეეხება ხელმძღვანელს – ჩემი აზრით, უმთავრესი ჟურნალისტების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინებაა.

– რამდენად ხშირად იღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს?

– ასაკთან ერთად რადიკალიზმიც შემცირდა, რადგან ახლა რაციონალიზმი და პრაგმატულობა უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის.

ბლიცკითხვები 

– ,,TV-პირველის” მთავარი მიზანი?

– პირველობა!

– ვის თვლით საუკეთესო ჟურნალისტად?

– უცხოელ ჟურნალისტებს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა წამყვანებს შორის ოპრა უინფრის გამოვარჩევდი.

– ვის რჩევას ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?

– დედის რჩევა ყოველთვის ძალიან ფასეულია ჩემთვის.

– საყვარელი ფრაზა?

– „რაც არ ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ!“

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– აუცილაბლად ვსაუზმობ და მაქსიმალურად ბევრ წყალს ვსმამ, სპორტული აქტივობისთვის კი, არასდროს მაქვს თავისუფალი დრო.

– საშუალება რომ გქონდეთ რა პროფესიას აირჩევდით?

– ყოველთვის ძალიან მინდოდა დიქტორობა, მაგრამ ახლა ალბათ მსახიობობას ავირჩევდი.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი?

– ნებისმიერი კერძი მიყვარს, მთავარია მეგრული იყოს.

– გაქვთ თუ არა ფობიები?

– საბედნიეროდ, ფობიები ნაკლებად მაწუხებს.

– რას თვლით განტვირთვის საუკეთესო საშუალებად?

– ჩემს პატარა შვილთან თამაშს.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი განათლება და მუდმივად ახლის შესწავლის სურვილია. ამასთანავე, არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და მუდმივად განვითარებაზე, წინსვლაზე უნდა იყო ორიენტირებული, რადგან დამშვიდება და თვითკმაყოფილება ყველაზე მოკლე გზაა მარცხისა და უკვე მიღწეულის დასაკარგად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები