„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან ბიულეტენებზე, ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან“, – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
მან პარტიის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ:
„მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურეად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებისთვის, აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ პირველ ტურში.
გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით“, – თქვა კალაძემ.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე ღნიშნა, რომ ელჩებთან შეხვედრა ჯერ არ ყოფილა. ისინი ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და როგორც კი შეხვედრა ჩაინიშნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
კალაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები მიიღებენ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას:
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ვფიქრობ, შესაძებელი იქნება”.
მან „სირცხვილის დერეფნებზეც“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ:
„ეს არის კანონდარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ამომრჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება – მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, ამ ყველაფერზე ზეწოლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, არის სწორი და თუ იქნებოდა რაიმე კონკრეტული ფაქტი, ამას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება შსს-ს მხრიდან“, – თქვა კალაძემ.