ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უაქციზო სიგარეტის გადატანის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა, მათ შორის არის ფოთის საკრებულოს წევრი, მალხაზ ბუკია.
ამოღებულია უცხოური წარმოების, ჯამში 160 000 კოლოფი, უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს,” – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
სააქმეზე გამოძიება “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.