ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კოლეგებს მიმართავს სოციალურ ქსელში და სთხოვს, რომ საჯარო სივრცეში საკუთარი მოსაზრება შეურაცყოფის გარეშე დააფიქსირონ.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში კოვიდთან ბრძოლის საერთო მიზანს არ წარმოადგენს ინტელექტუალურ კამათში გამარჯვებულის გამოვლენა.
“ძალიან მინდა ვთხოვო ყველა ჩემს კოლეგას (გეოგრაფიული ლოკაციის მიუხედავად), რაც არ უნდა უსამართლობის შეგრძნება გქონდეთ, შეურაცხყოფის გარეშე დააფიქსიროთ აზრი საჯარო სივრცეში, ისედაც გაყოფილ საზოგადოებას ექიმების მიერ ერთმანეთის ლანძღვის ყურება აბნევს და უბრალოდ საერთო საქმეს არ წაადგება, ჩემი აზრით!
მეორეს მხრივ, არათუ დასაშვები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისტემურ პრობლემებზე საუბარი, მათ შორის საჯარო კრიტიკაც. ნათელი უნდა იყოს, რომ პრობლემები არსებობს სისტემაში და მათი განხილვა უნდა მოხდეს ახლა და არა პანდემიის დასრულების შემდეგ! საერთო მიზანი არის მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გამოსვლა და არა ინტელექტუალურ კამათში გამარჯვებულის გამოვლენა!” – წერს მამუკა მაჩაიძე.