დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „TV პირველის“ ეთერში ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამედიცინო მიმართულებით ბევრი ხარვეზია, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ ტიპის გამოწვევას, რაც კორონავირუსია მხოლოდ სახელმწიფო, ჯანდაცვა და ექიმები ვერ გაუმკლავდებიან.
მისივე პროგნოზით, მძიმე დეკემბერისა და იანვრის თვე გველის.
„ხშირად ისმის კითხვა, ჯანდაცვა ამისთვის რატომ არ მოემზადა?!, ამაზე მარტივი პასუხია – იდეალური არაფერია. გაზაფხულზე რომ ასეთი ტალღა ყოფილიყო, სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლებოდა. მესმის, რომ ბევრი ხარვეზია და ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია. ამ ტიპის გამოწვევას მარტო სახელმწიფო, ჯანდაცვა, ექიმები ვერ გაუმკლავდებიან, აქ ყველას პასუხისმგებლობა დგას. დღეს სისტემა ზღვარზე მუშაობს.
დღესაც არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისაც კოვიდის არსებობის არ სჯერა. მძიმე დეკემბერი და იანვარი იქნება, ვიდრე საქართველოში ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობის დაახლოებით 20-25% არ აიცრება, მანამდე ეს ჭირი თავს არ დაგვანებებს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.