LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩა თუ არა შეთანხმების რესურსი: კომენტარები შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ

161
BeFunky-collage (6)

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა. განიმუხტება თუ არა პოლიტიკური კრიზისი დღეს ვერ გაირკვა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, წინ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება. ამასთან, უცვლელია პარტიის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით.

“გველოდება არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. ლეიბორისტული პარტიის პოზიცია შემიძლია გითხრათ, პარლამენტში არ შევდივართ, პარასკევს პარლამენტში უნდა იჯდეს მხოლოდ ქართული ოცნება,” – განაცხადა ნათელაშვილმა.

არ ვაპირებთ დუმილი შევინარჩუნოთ, ამ არჩევნებმა მინიმუმ 20 წლით უკან გადაგვისროლა: ფიქრია ჩიხრაძე

 

უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით კონსულტაცია ხვალ გაიმართება.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ მეოთხე რაუნდზე, მხარეებს შორის მოთხოვნების მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დაახლოება მოხდა.

“ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ შეთანხმებებს, რომელიც ეწინააღმდეგება კოსტიტუციას. ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ვიდრე ქალბატონი ჟვანია გადადგება, თუ არ გადადგება. დამატებით უნდა შევთანხმდეთ როდის იქნება მეხუთე რაუნდი, ხვალ უნდა შევთანხმდეთ,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ  “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი დიდი სურვილის, დეტალებზე საუბარი კვლავ არ შეუძლია.

“ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა. ერთი სული მაქვს, რომ ხალხს მოვუყვე რაზე მიდის ლაპარაკი, მაგრამ ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს არ თქვათ დეტალებიო. არანაირად არ შევდივარ პარლამენტში,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელჩებთან მოლაპარაკების შემდეგ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებისას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს კომპრომისები.

“მოლაპარაკებაზე განიხილება 4 ძირითადი საკითხი. პირველი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მეორე არის პოლიტპატიმრების საკითხი, მესამე არის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე არის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას. პირველ ორ საკითხზე არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. მესამე საკითხზე გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, მაგრამ შეთანხმებული არ არის, მაგრამ არის გარკვეული რესურსი, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. რაც შეეხება მეოთხე საკითხს, აქ არის გარკვეული, ტექნიკური შინაარსის დეტალები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად, როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება. არსებობს საკითხები, სადაც პოზიციებით შორს ვართ”, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას ან ცალკე კულუარულად მოლაპარაკებას” – გიგი წერეთელი

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 9 ან 10 დეკემბერს ოპოზიციასთან ბოლო შეხვედრა გაიმართება. მისივე თქმით, მათი მხრიდან საარჩევნო რეფორმის საკითხები განიხილება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის შეჯერებული პოზიციები.

“ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა, რადგან პარლამენტის სხდომა უკვე ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი”, — აღნიშნა კობახიძემ.

 

magti 5g