LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და IGH-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

126

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხორვატიული საინჟინრო კომპანია IGH-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და სს „ინსტიტუტი IHG“-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა ივან პალადინამ მოაწერეს.

ხორვატიული საინჟინრო კომპანია აპირებს რამდენიმე მიმართულებით ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კერძოდ, დაუნიშნოს ყოველთვიური სტიპენდია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის ხუთ წარმატებულ სტუდენტს, დაეხმაროს ფაკულტეტს საგანმანათლებლო  აკადემიური პროგრამების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებელთა მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის პრაქტიკების ორგანიზება კომპანიის თბილისის ოფისში, საქართველოში არსებულ საზედამხედველო ობიექტებზე და საპროექტო-საველე სამუშაოებში.

“კომპანია უნივერსიტეტს დაეხმარება შესაბამისი, თანამედროვე სახელმძღვანელოების მოძიებაში, უნივერსიტეტს მიაწვდის საკუთარ შეხედულებებსა და რჩევებს არსებული და დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ, დაეხმარება უნივერსიტეტს ზაგრების ტექნიკურ უნივერსიტეტთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობაში. მხარეები, მოამზადებენ ერთობლივ სამეცნიერო სტატიებს ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ევროპული სტანდარტების შესახებ. კომპანიის წამყვანი სპეციალისტები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ სასწავლო სემინარებს”, – განაცხადა ივან პალადინამ.

IGH უკვე თანამშრომლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ახორციელებს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის და მოვლა-შენახვის საზედამხედველო საქმიანობას, აგრეთვე მუშაობს რამდენიმე მიმართულებით გზების მშენებლობის პროექტირებაზე.  კერძოდ, ახორციელებს ლენტეხი-მესტიის გვირაბის,  სნო-შატილი-ახმეტა შემოვლითი გზის, ქუთაისი-აბასთუმნის მონაკვეთის და ზემო იმერეთი-რაჭის გზის საპროექტო სამუშაოებს.

კომპანია IGH დაინტერესებულია საქართველოში საქმიანობის გაფართოვებით. თბილისში ვიზიტად მყოფი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ოლივერ კუმრიჩი და კომპანიის  პრეზიდენტი ივან პალადინა სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, „საქართველოს მელიორაციაში“, “საქართველოს რკინიგზაში”. დაგეგმილი შეხვედრები ემსახურება IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების განხილვას და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დახმარების შეთავაზებას.

ხორვატიულმა კომპანია IGH-მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g