LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა პარლამენტის პირველ შეკრებამდე: აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია

74
unnamed

ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად.

“ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს.

ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.

ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა. ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g