კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება. ეკონომიკის მოქმედი მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯისთან“ კომუნიკაცია უკვე შედგა. როგორც ნათია თურნავა განმარტავს, ამ ეტაპზე არსებული ტარიფი არ გადაიხედება.
„გვქონდა ჩვენ არაერთი კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“ და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება, ანუ მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება. თუკი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ, ყოველთვის შეიძლება გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, დეკემბრის დასაწყისში კომპანია “თბილისი ენერჯიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 24 თეთრით გაიზრდებოდა. ტარიფის ცვლილება არ ეხებოდა პურის საწარმოებს.