LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სპორტი დამეხმარა ნებისყოფის გამომუშავებაში, რადგან ბევრად გაწონასწორებული და მიზანდასახული გავხდი” – მსოფლიო ჩემპიონი ვალიტა გორელჩანიკი გადაცემაში „წარმატების ფორმულა“

21
3464576578

გადაცემის ლაივი LIVE

21 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ფაუერლიფტინგში და მას-რესლინგში მსოფლიო ჩემპიონი,  საქართველოს უძლიერესი ქალის ტიტულის მფლობელი ვალიტა გორელჩანიკი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ მიღწევებზე, კარიერასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

– ვალიტა, როდის გადაწყვიტეთ სპორტსმენობა და რატომ აირჩიეთ ასპარეზობისთვის ქალისთვის საკმაოდ იშვიათი სპორტის სახეობა?

– ჩემი არჩევანი ერთის მხრივ, გენეტიკურმა მოცემულობამ განსაზღვრა, რადგან ბავშვობიდანვე ძალიან ძლიერი ვიყავი ფიზიკურად, მეორე მხრივ კი, ასე გამოვხატე პროტესტი, რადგან არავის სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და ყოველთვის რაღაცის მტკიცება მიწევდა.

– უამრავი ტიტულის მფლობელი ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის ტიტული და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პრესტიჟულ ტურნირებში გამარჯვების შემდეგ?

– საკმაოდ ენერგიული, მეტიც აგრესიული მოზარდი ვიყავი. სპორტით რომ არ დავინტერესებულიყავი, ალბათ ძალიან ცუდ გზას დავადგებოდი. მხოლოდ ამ სფეროში მინდოდა თვითდამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა და ბედნიერი ვარ, რომ ყველა სურვილი განვახორციელე, სრულად დავიკმაყოფილე ამბიციები. ამასთანავე, სწორედ სპორტი დამეხმარა ნებისყოფის გამომუშავებაში, რადგან ბევრად გაწონასწორებული და მიზანდასახული გავხდი.

– რამდენად რთული იყო საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობა?

– პროგრამაზე, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შევიმუშავეთ, ერთი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და თითქმის დავასრულეთ, მხოლოდ დეტალები დაგვრჩა დასამუშავებელი.

– მორიგ პროექტზე მუშაობთ და ახლა ფიტნეს აკადემიის დაარსებას გეგმავთ. თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა ამგვარი სასწავლებლის არსებობა საქართველოში და რა ბენეფიტებს შესთავაზებთ მათ, ვინც აკადემიაში გადაწყვეტს ცოდნის შეძენას?

– ვფიქრობ, ნებისმიერ სფეროში საჭიროა განათლების მიღება და განსაკუთრებით ჩვენს სფეროში, რადგან ფიტნეს ინსტრუქტორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია მსოფლიოში, ჩვენ კი, ნაკლებად გვყავს კვალიფიციური კადრები.

– დღეს რა კრიტერიუმით ირჩევა კვალიფიციური კადრი?

– სამწუხაროდ, დღეს საკმაოდ ზედაპირულად ფასდება ადამიანის კვალიფიციურობა, მხოლოდ მისი გარეგნობით, თუ რამდენად სპორტულად გამოიყურება და რამდენად კარგად შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა.

– რამდენად ხელსაყრელი გარემოა საქართველოში სპორტის განვითარებისთვის?

– ნამდვილად არ ვიცი, რა სიტუაციაა ოლიმპიურ კომიტეტში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაოლიმპიურ დისციპლინებს ბევრად მეტი ხელშეწყობა სჭირდება განვითარებისთვის.

– რას ნიშნავს ითქვენთვის ყველაზე ძლიერი ქალის ტიტული?

– ბევრად მეტს, ვიდრე ფიზიკურ სიძლიერეს, რადგან სინამდვილეში, ტიტული იმ რთული გზის სიმბოლო, ერთგვარი განსახიერებაა, რომელიც გავიარე და დასახულ მიზანს მივაღწიე.

– როგორია თქვენი დღის განრიგი, რამდენად ახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას?

– სამწუხაროდ ისე დიდ დროს ვეღარ ვუთმობ სპორტს, როგორც ადრე, რადგან ახლა პროექტების შემუშავებით უფრო ვარ დაინტერესებული, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას.

– როდის იყო თქვენთვის ყველაზე რთული პერიოდი?

– ძალიან რთული გარდატეხის ასაკი მქონდა, რადგან ძლიერ კონკურენციაში მომიწია ჩაბმა და მხოლოდ რამდენიმე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დავმშვიდდი, როცა გარკვეულ შედეგს მივაღწიე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი თუ არა, მაინც საკმაოდ ბევრი გავაკეთე.

– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?

– რა თქმა უნდა, ფიტნეს აკადემიის დაარსებას, რადგან ძალიან საჭირო საქმეა, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და მათ გამოადგებათ, ვისაც ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიის სრულყოფილად შესწავლა უნდა.

– თქვენი წარმოდგენით როგორია იდეალური სპორტსმენი?

– იდეალური სპორტსმენი საკუთარ თავში აერთიანებს კარგ პიროვნებას და კარგ სპორტსმენს. სხვათა შორის, საუკეთესო სპორტსმენი მხოლოდ მარცხის შემდეგ იზრდება. პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო დამარცხება და მცირე წარუმატებლობაც საშინელ განცდას, ხშირად დეპრესიას იწვევდა, ამიტომ უძლიერეს სპორტსმენად ის მიმაჩნია, ვინც წაგების მიუხედავად მაინც შეძლებს მობილიზებას და წარმატების მიღწევას.

– როდის ხართ ყველაზე მოტივირებული?

– ზუსტად მაშინ, როცა ვმარცხდები, ძალიან ვბრაზდები და ალბათ საკუთარი თავის ჯიბრზე ვცდილობ მაქსიმუმის გაკეთებას.

– რა სტილის ჩაცმულობას ანიჭებთ უპირატესობას?

– ყველა სტილი მომწონს კაბის გარდა.

– როგორც მწრთვნელი ხშირად ბრაზობთ, როცა თქვენს მითითებებს არ ასრულებენ?

– ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მაქვს მოწაფეებთან, რადგან ჯერ თითოეულის შესაძლებლობებს ვეცნობი, მერე კი, ურთიერთობის ინდივიდუალურ ფორმას ვაყალიბებ, ამიტომ არასდროს არ გავქვს კონფლიქტი.

– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– პასუხისმგებლობას. პატივს ვცემ ადამიანს, რომლებიც სრული სერიოზულობით, პასუხისმგებლობით აკეთებს საკუთარ საქმეს. ამასთანავე, ძალიან არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, ამიტომ ყველასგან და პირველ რიგში საკუთარი თავისგან მოვითხოვ მუდმივ განვითარებას.

ბლიცკითხვები:

– ვის რჩევას ენდობით ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, ყველაზე სასარგებლო რჩევებს ოჯახის წევრებისგან ვღებულობ.

– ყველაზე ფასეული გამარჯვება?

– მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელიც 2016 წელს მოვიპოვე.

– საყვარელი კერძი, რომელსაც ყველაზე გემრიელად ამზადებთ?

– ჩახოხბილი.

– როცა ბრაზობთ, კარგავთ ძალას თუ პირიქით ძლიერდებით?

– ჯერ მეცლება ძალა, მერე კი, ორმაგად მემატება.

– საყვარელი ფილმი და რეჟისორი?

– ლარს ფონ ტრიერი და „ნიმფომანი“.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– საერთოდ არ მეხერხება ხატვა, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რისი დახატვა შეიძლება.

– ჟურნალისტის შეკითხვა, რომელიც თქვენთვის მიუღებელია?

– მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხო, არაკორექტულ შეკითხვაზეც შევძლებ საჭირო პასუხის მოძებნას.

– ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აისრულეთ?

– ძალიან მინდა მაწანწალა ცხოველებისთვის თავშესაფრის გაკეთება.

– თავად რა ცხოველი გყავთ?

– ჯუჯა პუდელი მყავს სახელად „რიუშა“, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი ოჯახის წევრია.

– რომელ ქვეყანაში ისურვებდით მოგზაურობას?

– ძალიან მომეწონა ინდონეზია, ამიტომ სიამოვნებით ვიმოგზაურებდი კიდევ ერთხელ.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– Casio-ს საათებს ვაგროვებ.

– სურვილი, რომელიც თოვლის ბაბუას გაუგზავნეთ?

– ბავშვობაში თოვლის დედოფალს ვუგზავნიდი სურვილებს, თუმცა არცერთი არ შემისრულა, საშინელი კონფლიქტი მოგვივიდა და 17 წლის შემდეგ არაფერი მითხოვია.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან კარგი ატმოსფერო გაქვთ შექმნილი და ძალიან მომწონს თქვენთან ყოფნა.

– რა მთავარი თვისებაა საჭირო წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი მიზნის სწორად არჩევაა. არანაკლებ მნიშნელოვანია  შრომისმოყვარეობა, რათა არასდროს დაიღალო მუშაობით სასურველი შედეგის მისაღწევად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები