LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას: “საერთაშორისო გამჭვირვალობა” წარმოდგენილი ინიციატივების ხარვეზებზე საუბრობს

84
FORTUNA.GE- (8)

“მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების წესის წარმოდგენილი ცვლილების ძირითადი ნაწილი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების ევროპულ სტანდარტებს და არალეგიტიმური საფუძვლით მძიმე დარტყმას მიაყენებს ოპოზიციური პარტიების ფინანსურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პლურალიზმზე და კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოზე”. – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ ინიციატივებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსებისა და პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების წესებში დაჩქარებული წესით ცვლილებებს ითვალისწინებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება არაპროპორციულად მძიმე სანქციაა და ატარებს მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების დიდ საფრთხეს. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან საკითხზე:

პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება

“პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებისთვის ფინანსური სახსრები უმნიშვნელოვანესი საფუძველია, შეიძლება ითქვას, რომ ის პარტიის ქმედუნარიანობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოში, კი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაფინანსების მოპოვება კერძო წყაროებიდან განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, არასახელისუფლებო პარტიების წლიური შემოსავლების უდიდესი წილს სახელმწიფო დაფინანსება წარმოადგენს. სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება მძიმე დარტყმა იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის, რაც, შესაბამისად, უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პლურალიზმზე და კიდევ უფრო არაკონკურენტულს გახდის პოლიტიკურ გარემოს.” – ვკითხულობთ IT-ს მიმართვაში.

საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის გაუქმება

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს საარჩევნო კამპანიის წარმოების რეგულაციების ისეთი დარღვევა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს პოლიტიკურ პარტიას. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება სანქციად მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც პარტია ჩადის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – ამომრჩევლის მოსყიდვას, ამ შემთხვევაშიც პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იხილავს სასამართლო. ცხადია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გაცილებით მძიმე წინასაარჩევნო დარღვევასთან, რომელიც იმავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულსაც წარმოადგენს.

გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებითაც შეიძლება გაუუქმდეს პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მისი არსებობის ან/და საქმიანობის არაკონსტიტუციურობის გამო. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დარღვევის სიმძიმით გავუთანაბროთ ამომრჩევლის მოსყიდვას ან პარტიის არაკონსტიტუციურ საქმიანობას და ამ მიზეზით გავუუქმოთ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წარმოდგენილ კანონპროექტში ბუნდოვანია ის, თუ რას გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციაში „პოლიტიკური ლიდერის რანგში” პირის მონაწილეობა, რის გამოც საარჩევნო სუბიექტს შეიძლება საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს. ასევე, გაუგებარია ცალკეული ფიზიკური პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მთელი პარტია უმძიმესი სანქციით რატომ უნდა დაისაჯოს.

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხოლო მეორე მოსმენა დროებით გადადო.

 

mazda magti 5g