LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: ცოტა კიდევ გავუძლოთ. ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინა, სითბო…იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი

924
FORTUNA.GE- (5)

“ჩვენმა სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყნებმა ვერ გაუძლო.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ თქვა, იმისათვის, რომ ქვეყანაში ვირუსის მესამე ტალღა არ იყოს, აუცილებელია შეზღუდვები ცოტა ხნით კიდევ გახანგრძლივდეს.

შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება – მანამდე არც ტრანსპორტი და არც სავაჭრო ობიექტები არ გაიხსნება

“მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები. იმის გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას ასე ვთქვათ “გავუძვრებით” და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე.

შეზღუდვების პერიოდი გამოდის ეპიდემოიოლოგიურად ხანგრძლივი დრო. ეს გვაძლევს იმის საფუძვლიანი ვარაუდის საშუალებას, რომ თებერვლიდან ბიზნესების გახსნამ არ უნდა მოგვცეს ძალიან დრამატული გართულებები.” – თქვა იმნაძემ.

მან ვაქცინებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მის სიძვირეს მნიშვნელობა არ აქვს:

“ჩვენთან არსებობს კანონი, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ან ე.წ. აღიარებით რეჟიმში, რომელშიც არის დაახლოებით 55 ქვეყანა.

ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და  ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული.

სიძვირეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, საქართველოში ბავშვებისათვის გეგმური ვაქცინაციისთვის გამოიყენება ე.წ. ექვსკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე ძვირი. ბოლო წლებში იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი ქვეყანაში ოთხჯერ გაიზარდა, რათა ჩვენს ბავშვებს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები ჰქონდეთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში.” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ბოლოს კი სხვადასხვა ჯგუფში ჩატარებულ ტესტირების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც მონაცემები აჩვენებს, ვითარება სტაბილურობისკენ მიდის:

“ძალიან საინტერესო მონაცემები გვაქვს დღეისათვის. დაახლოებით 4 000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი არის გატესტილი და თუ არ ვცდები, ტაქსის მძღოლში დადებითი 0.7 %-ია.

ტესტირება ჩაუტარდა აგრარული ბაზრის 4 000-მდე მოვაჭრეს და მათში 0.9 %-ია დადებითი. ასევე, ყველა კონფესიის წარმომადგენლებიდან 1 800 არის გატესტილი, აქაც დადებითობის მაჩვენებელი 1%-მდეა. საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია.
ასე რომ, ყველანაირ ჯგუფში ტესტირება გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. ახლა მთავარია, ეს შევინარჩუნოთ, რათა როცა გავიხსნებით, მაქსიმალურად დაბალ ციფრებზე იყოს ყოველდღიური ავადობა და რამენაირად მესამე ტალღას გავეპაროთ.” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს – ამირან გამყრელიძე

 

magti 5g