„ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას,“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ანდრეს მამიკინსმა, ბრიუსელში საქართველოს ვიცეპრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ევროპული ინტეგრაცია დადებით როლს შეასრულებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება,“ – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
მისივე აზრით, რეინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რომელიც ხელმისაწვდომია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის.