პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანა აქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის.
„დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში“, – განაცხადა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
მისივე თქმით, დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება.
“ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის აგვისტოს ომში მართალი. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების, მოკვდინების საკითხში და მრავალ სხვა საკითხში, რომელზეც ჩვენ ვდაობდით. 200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ 2013 წლიდან, მათ შორის გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და დავაბრუნეთ ორი წლის წინ, როგორც მტკიცებულება.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლო ხვალ განაჩენს გამოიტანს
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანეს.
21 იანვარს დგება სიმართლის დღე. დიდი იმედი მაქვს, რომ რასაც ახლა ვამბობ, სწორედ ასე გამართლდება და ჩვენ ყველანი ხელთ ჩავიგდებთ დოკუმენტს, რომელსაც დაეყრდნობიან მომავალი თაობებიც, თუკი ჩვენი თაობის სიცოცხლის განმავლობაში არ მოხერხდა დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც იტყვის, რომ ქართველებმა განიცადეს ეთნიკური წმენდა. რწმენა მაქვს, რომ ეს ასე იქნება, ეს იქნება სამართლებრივად გამყარებული საფუძველი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა. დღემდე ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტები, ეს იქნება პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, თუკი მართლაც ჩემი იმედები გამართლდა და საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ“.- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 21 იანვარს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო განაჩენს გამოიტანს. განაჩენი თბილისის დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი.