შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ერთი პირი დააკავეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: “EKOL Tisa”-ისა და “KRAL”-ის მოდელების 2 პისტოლეტი, “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.