LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელათზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩავატარებ – ეს საქმე ვერ ჩაიფარცხება: ანა ნაცვლიშვილი

112
ანა ნაცვლიშვილი

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო უწყებებს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გელათთან დაკავშირებით, ისინი მთელ პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიებს აკისრებენ. ნაცვლიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გელათში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ყველა საჯირო დოკუმენტაციის გასაჯაროვებას სთხოვს.

მისივე თქმით, სააგენტოს ამის ვალდებულება აქვს და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს. ამ თემაზე ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოფხიზლებულიყო და გელათის რეაბილიტაციის დროს მთელი სისტემის ჩავარდნა ეღიარებინა, რის გამოც უნიკალური ფრესკები დაზიანდა.

„მათი მოქმედებები კვლავ თვალთმაქცურია. სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, მთელი პასუხისმგებლობა შემსრულებელ კომპანიებს დააკისრონ.

ამის მაგალითია ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ, შემსრულებელი კომპანიები დააჯარიმა და გელათში სამუშაოების გაგრძელება ახალ კომპანიას, „ბაგინეთი +“ მიანდო. ეს სიმშვიდის საფუძველს არანაირად არ გვაძლევს – ახალ კომპანიაში იგივე ადამიანები ფიგურირებენ, ვინც რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული და რომელიც კრახით დასრულდა,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერს ახალი კომპანიის კომპეტენციაშიც ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ უცნობია, რა წესით მოხდა კომპანია „ბაგინეთი +“-ის შერჩევა – ვინ და რა წესით შეამოწმა მისი კომპეტენცია, რომ სამუშაოების წორად აწარმოოს და იგივე შეცდომა არ დაუშვას, რაც უკვე მოხდა, როცა გელათში უმძიმესი შედეგები მივიღეთ.

„სწორედ იმიტომ, რომ სააგენტომ სამუშაოებზე მონიტორინგი არ განახორციელა, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ იგივე სააგენტოს და იგივე ხელმძღვანელობის პირობებში, ახლა დაცულები ვართ სააგენტოს გულგრილი და არაკომპეტენტური დამოკიდებულებისაგან გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმართ?“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა და თქვა, რომ ამ და სხვა კითხვებით, დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ოფიციალურად მიმართავს.

„ასევე გავიმეორებ იმას, რაზეც გასული წლის ივლისიდან მოვუწოდებდით სახელმწიფოს:

გელათის რეაბილიტაციის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

უკვე, მივმართე რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის კულტურის სამინისტროს. გელათზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩავატარებ – ეს საქმე ვერ ჩაიფარცხება. თუ დღეს არ დავიცავთ ჩვენს მემკვიდრეობას, ხვალ დასაცავიც აღარაფერი გვექნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

mazda magti 5g