LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომში ხე-ტყის ჭრაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

83

ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას. სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც.

“რაც შეეხება რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი – 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 საახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა.

მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მხოლოდ აგვისტოს თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 20 საახერხი დანადგარი.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობაც, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით გვაცნობონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153,”-აღნიშნულია განცხადებაში.

ბორჯომში ხეების ჭრის საკითხი”თი ბი სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წამოწია.  მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ბორჯომის კურორტისა და მინერალური წყლის დაკარგვის საშიშროებაზე წერს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხეების ჭრის წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g