არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, ესტონეთის პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორია საზოგადოების განწყობა საქართველოს ევროპასთან დაახლოების კონტექსტში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე, ასევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ესტონეთის პრეზიდენტი კარგად არის ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებების, პირველი ტალღის შესახებ.
“მადლობა გადავუხადეთ ესტონეთის პრეზიდენტს, რათა იგი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს შეეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით კრიტიკულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება მოხდა მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ასევე ვისაუბრეთ არჩევნებზე, რა დადებითი და უარყოფითი ტენდენციები იყო ამ პერიოდში. ასევე ყურადღება გავამახვილეთ სასამართლო რეფორმაზე და კორუფციაზე, ელიტურ კორუფციაზე, რომელთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია,”- განაცხადა გიგაურმა.