მედიკამენტების შეძენის მიზნით, თბილისში ყოველთვიურად ორ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს აფთიაქს. სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში “ფორტუნას” უთხრეს, რომ თითოეული ქსელიდან დედაქალაქში, სულ მცირე, 110 აფთიაქი მაინც აქვს თოთოეულს. ასევე, განმარტავენ, რომ წელიწადში რამდენჯერმე ხდება ფილიალების დამატებაც.
ლოგიკურად, თუკი ყოველთვიურად ორ მილიონამდე ადამიანი შედის აფთიაქში, გამოდის, რომ მილიონნახევრიან დედაქალაქში მოქალაქეები თვეში ორჯერ მაინც ყიდულობენ მედიკამენტებს.
ექიმთა განმარტებით, ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაში, წამლებს ხშირად ქრონიკული დაავადებების გამო ყიდულობენ. ახალგაზრდები კი, ძირითადად, ტკივილგამაყუჩებლებს და ვირუსულ პერიოდში საჭირო მედიკამენტებს იძენენ. იმის საპასუხოდ, თუ რატომ არის თბილისში ჭარბი რაოდენობით აფთიაქები, ექიმი ყარამან ფაღავა ამბობს, რომ საუკეთესო შემთხვევაში პაციენტების მიმართვიანობის ზრდა პირდაპირ მიუთითებს, რომ მოქალაქეები მეტად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და პროფილაქტიკის მიზნით სტუმრობენ ექიმებს. ფაღავა იმასაც ამბობს, რომ ჯანმრთელობაზე ცხოვრების არასწორი რეჟიმიც დიდ გავლენას ახდენს, თუმცა მოქალაქეებს წამლების შეძენისკენ მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოუწოდებს.
თათია კაკიაშვილი