LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადი და თხილი აფრიკიდან – საქართველოს მოქალაქეები განაში მიწის ნაკვეთს შეიძენენ

563

საქართველოს მოქალაქეები აფრიკულ სახელმწიფო განაში მიწის ნაკვეთის შეძენს შეძლებენ. ამაში მათ საინვესტიციო პლატფორმა ”აგროპარკი” დაეხმარებათ.

როგორც ”ფორტუნას”  ინოვაციური სტარტაპის ”აგროპარკის” შემქმნელმა გიორგი ნაკაშიძემ განუცხადა, თუ საქართველოს მოქალაქე განაში დაარეგისტრირებს კომპანიას, ექნება შესაძლებლობა მიწის ნაკვეთი გარკვეული ვადით შეიძინოს და ამ ნაკვეთიდან სარგებელი მიიღოს.

”მიწის შეძენაში იგულისხმება, არა უშუალოდ მიწის ყიდვა, არამედ ამ მიწაში ინვესტიციის ჩადება. განაში სურთ შოკოლადისა და თხილის წარმოების განვითარება, ამიტომ ინვესტიცია იდება მიწაში. ამ მიწას ადგილობრივი გლეხები ამუშავებენ და უკვე მოსავლის სახით, ან ამ მოსავლიდან მიღებული შემოსავლის სახით, ინვესტორი იღებს კუთვნილ ბენეფიტებს”, – განმარტა გიორგი ნაკაშიძემ.

მისივე ინფორმაციით, მსგავს პროექტს ”აგროპარკი” საქართველოში ბოლო 2 წელია ახორციელებს და სწორედ ამ პოექტით დაინტერესდნენ დუბაიში აქტიური საინვესტიციო ფონდი IC Global Partners-იდან (www.icglobalpartners.com ) , რომელთაც სურთ, რომ ”აგროპარკის” კონცეფცია განაშიც განათავსონ.

”მოგეხსენებათ, ჩვენ შევქმენით ინოვაციური სტარტაპი, რომლის მთავარ არსსაც წარმოადგენს, უცხოელ ინვესტორს მივცეთ შესაძლებლობა ქართულ მიწაში ჩადოს ინვესტიცია და მიიღოს სარგებელი. სარგებლის მიღების ორი ფორმა არსებობს: 1. მას  ამ სარგებელს ვუგზავნით უშუალოდ მოსავლის სახით. 2. ამ მოსავლიდან მიღებულ შემოსავალს ვუგზავნით თანხის სახით. დაინტერესება, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან არსებობს, გვყავს პარტნიორები გერმანიაში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში”, – აღნიშნა პროექტის ავტორმა.

მისივე თქმით, პლატფორმა საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, რომელთაც სურთ ინვესტიცია განახორციელონ სოფლის მეურნეობაში და ასევე არ მიიღონ მონაწილეობა საოპერაციო საქმიანობაში.

ამასთან, როგორც გიორგი ნაკაშიძე ამბობს, პროექტის იდეა მდგომარეობს იმაშიც, რომ ქართველმა ფერმერებმა შეძლონ საკუთარი მეურნეობის განვითარება და დამატებითი შემოსავლის მიღება.

”აგროპარკის ფარგლებში დაინტერესებული ფერმერები, საკუთარი მიწის გარკვეულ ნაწილს უთმობენ ინვესტორებს, ისინი კვლავაც რჩებიან ამ მიწის მფლობელები და მმართველები, და  კვლავინდებურად განაგრძობენ ნაკვეთის დამუშავებას, მოსავლის მიღებას და ამაში იღებენ ინვესტორის მიერ დანიშნულ ყოველწლიურ საკომისიოს”, – აღნიშნა ნაკაშიძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია.

როგორც გიორგი ნაკაშიძე ამბობს, ამ ეტაპზე ქართულ მიწებში ინვესტიციის ჩადება ”ოფლაინ რეჟიმში” ხდება, ანუ ჯერჯერობით ვებ-გვერდი არ არსებობს. თუმცა, საიტზე მუშაობა მიმდინარეობს და ახლო მომავალში, ინვესტორები სასურველ ადგილას, სასურველ მიწის ნაკვეთში ინვესტიციის ჩადებას უკვე ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.

ცნობისთვის, ,,აგროპარკის’’ პროექტის ჯამური ბიუჯეტი 43 000 ლარია. პროექტი საპარტნიორო ფონდმა “სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში 38 000 ლარით დააფინანსა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: agropark.io

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g